ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს. ისინი იქ მომვლელებად მუშაობდნენ. ინფორმაციას უდინეს პროკურატურა ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით დაკავებები უდინეს პროკურატურის მიერ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ნაწილია. გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ადგილზე ჩატარდა.
ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ქართველებს ქვეყნიდან გააძევებენ.
როგორც ირკვევა გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ის, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველების მიერ უდინეს შემოსავლების სამსახურისათვის მიმართვიანობა ფისკალური კოდის მისაღებად. ყველა მათგანს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირადობის მოწმობები ჰქონდათ (სლოვაკეთი, პოლონეთი, ლიეტუვა), რაც მათ იტალიაში ლეგალურად მუშაობის უფლებას აძლევდათ. ისინი ამ კოდს უდინეში იღებდნენ და შემდეგ სამუშაოდ სხვა რეგიონებში გადადიოდნენ. უდინეს საგამოძიებო უწყებებში დაეჭვდნენ, რომ ეს დოკუმენტები ყალბი იყო. არსებული ინფორმაციით, ისინი საზღვარგარეთ დაამზადეს 600 ევროს სანაცვლოდ.