ყარაბაღიდან სომხეთში 93 ათასი ადამიანი ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანის, ნაზელი ბაგდასარიანის ინფორმაციით, 16:00 საათის მონაცემებით, სომხეთში უკვე 93 000 ადამიანია ჩასული.
მისივე თქმით, ამჟამად ყარაბაღიდან სომხეთში ჩასულ იმ პირთა რიცხვი, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს 69 ათას 916 შეადგენს, მათგან სომხეთის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საცხოვრებლით 23 ათას 433-მა პირმა ისარგებლა.
ფაშინიანმა გუშინ განაცხადა, რომ ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებულ პირებს, გადაუდებელი საჭიროებისთვის, თითოეულს 100 ათას დრამს გადასცემენ. აღნიშნული თანხა, დოლარში დაახლოებით $256 გამოდის, ხოლო ლარში ₾686.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკა 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს. სომხური მედიის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ხელი არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებს, მათ შორის, მის ფარგლებს გარეთ მყოფებს, შესთავაზეს, გაეცნონ რეინტეგრაციის პროგრამას, რომელიც მათ აზერბაიჯანმა შესთავაზა.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყება გამოაცხადა. 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს სომხური სამხედროების გაყვანას, არაღიარებული რესპუბლიკის არმიის დაშლას და სამხედრო ტექნიკის გაყვანას.