ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები "ქართული ოცნების" არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
„მხოლოდ და მხოლოდ მადლობის სიტყვები შეიძლება ითქვას ჩვენგან იმ წარმატებასთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ. 30 წელი ველოდებოდით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და სწორედ თქვენმა თაობამ მიაღწია ამ უდიდეს წარმატებას, რაც მხოლოდ დასაწყისია განვითარების იმ ახალი ეტაპის, რომელმაც ქართულ ხელბურთს კიდევ უფრო დიდი წარმატებები უნდა მოუტანოს. ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები და, რა თქმა უნდა, ამ ტრადიციებს უნდა დაეფუძნოს ჩვენი ხელბურთის შემდგომი წარმატება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს სპორტის მიმართულებით და დაანონსეს 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისთვის.
„სპორტის წარმატებასთან ერთად იზრდება ინტერესი, განსაკუთრებით ბავშვებში სპორტის მიმართ, სპორტში ჩართულობის მიმართ, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი ინფრასტრუქტურა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს ამ მზარდ მოთხოვნას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მაღალი მიღწევების სპორტისთვის, ასევე მასობრივი სპორტისთვის. გპირდებით, რომ ამ პროექტის ფარგლებში ხელბურთის განვითარებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ყურადღება იქნება ხელბურთის განვითარებისა და ჩვენი ეროვნული ნაკრების მიმართ“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.