მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყავის ფასი 10-წლიან მაქსიმუმზეა - მიზეზი კლიმატის ცვლილებაა

ყავა

გვალვამ ბრაზილიაში და წყალდიდობამ ვიეტნამში ყავის მიწოდების გლობალური ჯაჭვი მნიშვნელოვნად შეაფერხა - საოპერაციო ხარჯების ზრდა კი სულ მალე სამომხმარებლო ფასებზეც აისახება - ამის შესახებ Euronews წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ყავის ფასების ზრდა ყველაზე მძიმედ ევროპას დაარტყამს, სადაც ყოველწლიურად 3.2 მილიონ ტონა ყავას, ანუ გლობალური მოხმარების 33%-ს იყენებენ.

ბრაზილია, რომელიც ყავის უმსხვილესი მწარმოებელია და მსოფლიო მარაგების 40%-ზეა პასუხისმგებელი, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მწვავე გვალვას ებრძვის. მშრალი კლიმატი კი არაბიკას მარცვლების ზრდაზეც აისახება. სხვადასხვა კვლევის თანახმად, 2023-2024 წლის წარმოება, შესაძლოა, 20%-ით შემცირდეს.

რაც შეეხება ვიეტნამს, სადაც ყავის უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივა - რობუსტას მარცვლები - იწარმოება, მთავარ საწარმოო რეგიონებში სუპერტაიფუნ იაგის შედეგებს ამ დრომდე იმკიან. წინასწარი შეფასებით, სტიქიამ ყავის პლანტაციების ათასობით ჰექტარი დააზიანა, რომელთა აღდგენასაც წლები დასჭირდება.

“ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის” ინფორმაციით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში პროდუქტის ექსპორტისა და იმპორტის მონაცემებს აგროვებს, 2024 წლის მესამე კვარტალში ყავის საშუალო ფასი 20%-თ გაიზარდა, რაც თითქმის 10-წლიანი მაქსიმუმია.

არაბიკას მარცვლები განსაკუთრებით დრამატულად გაძვირდა და ახლა ერთი ფუნტის ღირებულება, $1.80-ის ნაცვლად, $2.50-ია. რაც შეეხება რობუსტას მარცვალს, მესამე კვარტალში მისი ფასი 25%-ით გაიზარდა და ტონაზე $2000 შეადგინა.

ფასების მკვეთრმა ზრდამ ყავის გლობალურ ბაზარზე მოვაჭრეთა შეშფოთება გამოიწვია. რთულად პროგნოზირებად გარემოში ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდაც არაა გამორიცხული.

“ყავის ევროპული ფედერაციის” ინფორმაციით, 2023 წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ევროპაში მოქმედი კაფეების 65%-მა ფასები 5%-დან 15%-მდე გაზარდეს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ყავის გაძვირებასთან ერთად, ფასების ზრდის მიზეზი ინფლაციაცაა, რამაც სხვა ინგრედიენტებზე, მათ შორის რძესა და შაქარზეც გაზარდა ფასები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები