ფინჯანი ყავის ფასი, შესაძლოა, ახლო მომავალში, მკვეთრად გაძვირდეს. ყავის მწარმოებელ ტროპიკულ ქვეყნებში მომატებული ბუნებრივი კატაკლიზმების ფონზე, ყავის მარცვლების წარმოება გართულდა, რამაც მიწოდების ჯაჭვები ჩამოშალა. ყველაზე დიდი განსაცდელის წინაშე ბრაზილია აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოში არსებული ყავის 40%-ის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი. ბოლო დროს, ბუნება ბრაზილიას არ სწყალობს, ხოლო ყავის პლანტაციები ჯერ პაპანაქება სიცხემ მოიცვა, შემდეგ კი - გვალვამ. ასეთი მდგომარეობა, ყავის მსგავსი მგრძნობიარე მცენარისთვის, ფაქტობრივად, განადგურების ტოლფასია.
ბრაზილია, ბოლო ათწლეულის ყველაზე საშინელ გვალვას ებრძვის, არაბიკის ჯიშის ყავის ფასი კი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა. ყავის მიწოდება, მართალია, ბოლო პერიოდში, მცირედით აღდგა, მაგრამ ყავის ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, მიწოდების გაზრდა, ყავის ფასზე მყისიერად არ აისახება, მით უფრო, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში სამომავლო პროგნოზის გაკეთება, რთულია. ყავა გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე ერთწლიან პერიოდში 85%-ით არის გაძვირებული, ბოლო ერთ თვეში მატების მაჩვენებელი კი 9%-ია.
ყავის გლობალურ ბაზარზე მცენარის ორი ძირითადი ჯიში არის წარმოდგენილი - არაბიკა და რობუსტა. არაბიკის ჯიშის მარცვლებისგან მომზადებული ყავა უფრო რბილი და კომპლექსური, მაგრამ მჟავე გემოთი და ხილის ნოტებით გამოირჩევა, როცა რობუსტასგან მომზადებული ყავა უფრო ძლიერი და მწარეა და მიწიერი ნოტებით ხასიათდება. ამასთან, რობუსტასგან უფრო ძლიერი, ანუ კოფეინის მაღალი შემცველობის ყავა მზადდება. არაბიკას ჯიშის ყავას, როგორც წესი, კაფეებში იყენებენ, როცა რობუსტას მთავარი არეალი - ხსნადი ყავაა.
არაბიკას და რობუსტას შორის არსებულ ამ განსხვავებებს ის გარემო განაპირობებს, სადაც ყავა იზრდება. არაბიკის ჯიშის ყავის მარცვლები ეკვატორთან ახლოს, ზღვის დონიდან 600-დან 2,000 მეტრამდე შუალედში და შედარებით ცივ ადგილებში იზრდება, როცა რობუსტას ჯიშის ყავის მცენარეს ზღვის დონიდან უფრო დაბალ და შედარებით თბილ ადგილებში ვხვდებით, რის გამოც რობუსტას მოყვანა შედარებით უფრო მარტივია და შესაბამისად, ის უფრო იაფიცაა. თუმცა დაბალი ფასის მიუხედავად, ყავის გლობალური მიწოდების 65% არაბიკის ჯიშის მარცვლებზე მოდის.
რაოდენობრივად ყველაზე მეტ ყავას ბრაზილია აწარმოებს, რომელიც გლობალური მიწოდების 40%-ზე არის პასუხისმგებელი. ამასთან, ის არაბიკის ჯიშის ყავის უდიდესი და რობუსტას ჯიშის ყავის რიგით მეორე უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, ვიეტნამის შემდეგ, რომელიც, თავის წილ ყავის რიგით მეორე უდიდესი ექსპორტიორი სახელმწიფოა მსოფლიოში. ხუთეულში ასევე ვხვდებით კოლუმბიას, ინდონეზიას და ჰონდურასს.