ყავის ფასი საერთაშორისო ბირჟაზე ისტორიულ მაქსიმუმზეა. მიზეზი მწარმოებელ ტროპიკულ ქვეყნებში მომატებული ბუნებრივი კატაკლიზმების ფონზე გართულებული წარმოებაა, რამაც მიწოდების ჯაჭვები ჩამოშალა.
გლობალურ ბაზარზე ყავაზე ფასის ზრდა უკვე აისახა ქართულ ბაზარზეც. როგორც საქართველოს ყავის ასოციაციის პრეზიდენტი და ყავის ფესტივალის დამფუძნებელი ამბობს, არაბიკას სორტის ყავა ერთ წელიწადში თითქმის 80%-ით გაძვირდა. მიშა ფარულავას ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ყავაზე ფასი უკვე გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდა გაცილებით სრულფასოვან სახეს მარტიდან, საერთაშორისო ბრენდებთან კონტრაქტების განახლების შემდეგ მიიღებს, რაც ბუნებრივია, მომხმარებლის ჯიბეზეც აისახება.
“ბოლო ერთი წელია არაბიკას სორტის ყავა თითქმის 80%-ით გაძვირდა. ეს ნედლეული ბირჟაზე ივაჭრება და ფიუჩერსული გარიგებებია, ამიტომ ფასის ასახვა დახლებზე ან რესტორნებში ან სხვა ობიექტებში გახანგრძლივებული პროცესია და 6-9 თვე სჭირდება. შარშან მომწოდებლებმა დაიწყეს სექტემბრიდან ინფორმირება დისტრიბუტორი კომპანიების და წლის ბოლოსთვის გაძვირება ნაწილობრივ აისახა კიდეც. ვვარაუდობთ, რომ დასრულებული სახე ამას ექნება მარტში, როცა ახალი კონტრაქტები ქართულ ბაზარზე არსებულ კლიენტებთან საერთაშორისო ბრენდებს ექნებათ ახალ ფასებში.
ყველა ეცდება დარჩეს არსებულ საფასო კატეგორიაში და ნედლეულის ან მომწოდებლის ცვლილების ან მოხალვის პროცესების და გადარევის ხარჯზე ფასები შეინარჩუნოს ან თუ გაზრდის, არ იყოს ძალიან მტკივნეული.
რაც შეეხება საერთაშორისო ბრენდებს, რიტეილის ნაწილში უნდა ველოდოთ, რომ ხსნად ყავაზე მოხდება შეფუთვის ზომების ცვლილებაში გამოსავლის ძიება. რაც შეეხება ყავის მარცვალს, რომელიც ჰორეკა სექტორისთვისაა და კილოგრამობით იყიდება, მანდ გარდაუვალი იქნება ფასის ცვლილება, თუ უკვე ასახული არ არის. ჩემი ინფორმაციით, 1 იანვრიდან უმეტესმა დიდმა მოთამაშემ ადგილობრივ დისტრიბუტორებს ფასი მცირედი პროცენტით გაუზარდეს”,- აცხადებს მიხეილ ფარულავა.
ის, რომ საქართველოში ყავის იმპორტი გაძვირდა, ამას ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს. საქსტატის თანახმად, გასულ წელს საქართველოში 39,3 მილიონი დოლარის ღირებულების 7 276 ტონა მოხალული და მოუხალავი ყავა შემოვიდა, იმპორტის ღირებულება 25.5%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 4%-ით შემცირდა. სტატისტიკა მოწმობს რომ ბოლო 2 წელიწადში ერთი ტონა ყავა 1200 დოლარზე მეტად არის გაძვირებული. პროდუქტს ქვეყანა ძირითადად ინდონეზიიდან ყოდულობს, მთავარ მომწოდებელ ქვეყნებს შორის არიან ასევე რუსეთი, იტალია გერმანია და ვიეტნამი.