ყაზახეთის მთავრობა ელის, რომ საქართველოზე გამავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (BTC) და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) წლიურად 20 მლნ ტონა ნავთობს გაიტანს ექსპორტზე.
კერძოდ, PMCG-ის მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც ყაზახეთის ენერგეტიკის სექტორს ეხება, წერია, რომ ყაზახეთმა გააფართოვა დასავლეთის საექსპორტო მარშრუტები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) მეშვეობით, რაც მიზნად ისახავს აქთაუსა და კურიკის პორტების გავლით ყოველწლიურად 20 მლნ ტონამდე ნავთობის გადაზიდვას.
ამჟამად, ყაზახური ნავთობის ექსპორტი ძირითადად რუსეთის გავლით ხდება, რადგან ყველაზე დიდი ნავთობსადენი ყაზახეთს რუსეთის შავი ზღვის პორტთან აკავშირებს.
საუბარია კასპიის მილსადენის კონსორციუმზე (CPC), რომელსაც თენგიზისა და კაშაგანის საბადოებიდან ყოველწლიურად 67 მილიონ ტონამდე ნავთობი გადააქვს რუსულ ნოვოროსიისკის პორტში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ორი მესამედი გადის CPC-ის მეშვეობით, რომელიც უკრაინის ომის გამო, არაერთხელ დადგა გაჩერებების რისკის წინაშე. ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა მილსადენთან დაკავშირებით ხელოვნულად ტექნიკური პრობლემების შექმნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყაზახეთმა ომს ღიად არ დაუჭირა მხარი.




























