აზერბაიჯანული სააგენტო Report-ი წერს, რომ ყაზახეთი საქართველოზე გამავალ მილსადენებს ექსპორტის ზრდისთვის განიხილავს.
კერძოდ, Report-ის თანახმად, რუსეთზე გამავალი კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ოპერირების შეფერხების გამო, ყაზახეთი ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენების გამოყენებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე საუბარი უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო, როცა CPC-ის მილსადენს რუსეთმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა. აზერბაიჯანული მედია მაშინ წერდა, რომ საუბარი იყო ბაქო-სუფსის მილსადენის გამოყენებაზე, რომელიც თითქმის მეოთხე წელია გაჩერებულია. ასევე ცნობილია, რომ ყაზახური ნავთობის გადაზიდვები უკვე მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით.
Report-ის ინფორმაციით, ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ გეგმავს, რომ 2026 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი 31%-ით გაზარდოს და აქ გატარებულმა ყაზახური ნავთობის მოცულობამ 1,7 მილიონ ტონას მიაღწიოს. მათივე ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისში აქტაუს პორტიდან BTC-ის მილსადენის მიმართულებით გადაზიდული ყაზახური ნავთობის მოცულობამ 704 000 ტონა შეადგინა.
1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2026 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით ჯამში 4.7 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (626 ტონაზე მეტი).
დღეის მდგომარეობით, BTC-ის აქციონერები არიან: Bp (30.10%), SOCAR (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGCVidesh (3.10%), ExxonMobil (2.50%) and INPEX (2.50%).




























