მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთის ენერგეტიკული ბაზარი - $12 მლრდ ზრდის პერსპექტივა და ექსპორტის შესაძლებლობები

ყაზახეთი

ყაზახეთი ცენტრალური აზიის უმსხვილესი ენერგეტიკული მოთამაშე, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ეტაპზეა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა კვლავ მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული წიაღისეულ საწვავზე, გეოპოლიტიკური ვითარება და კლიმატური ვალდებულებები ქვეყანას ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას აიძულებს.

ამის შესახებ PMCG-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც ყაზახეთის ენერგეტიკის სექტორს ეხება.

ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია.

შედეგად ნავთობისა და გაზის სექტორი კვლავ რჩება ეკონომიკის ხერხემლად, რომელიც საექსპორტო შემოსავლების დაახლოებით 60%-სა და მშპ-ის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს.

ნავთობის დადასტურებული მარაგებით, რომლებიც 30 მილიარდ ბარელს აჭარბებს და გაზის 2.3 ტრილიონი კუბური მეტრი მარაგით, ყაზახეთი მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს ნავთობის, ხოლო მე-20 ადგილს გაზის მარაგებით.

ქვეყნის სამ უმსხვილეს საბადოს თენგიზს, კაშაგანსა და ყარაჩაგანაკს მართავენ ისეთი საერთაშორისო კონსორციუმები როგორებიცაა Chevron, ExxonMobil, Eni, Shell სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ მონაწილეობით.

ნავთობი

ყაზახეთის ეკონომიკის ფუნდამენტს კვლავ ნავთობის სექტორი წარმოადგენს. ის მოიცავს ისეთ მეგა-პროექტებს, როგორიცაა Tengiz, Kashagan და Karachaganak, რომლებზეც მთლიანი მოპოვების დაახლოებით ორი მესამედი მოდის.

ნავთობზე მოდის ქვეყნის საექსპორტო შემოსავლების თითქმის ნახევარი. მოპოვებული ნედლეულის დაახლოებით 80% ექსპორტზე გადის (ძირითადად ევროკავშირსა და ჩინეთში), ხოლო დარჩენილი ნაწილი შიდა ბაზარზე გამოიყენება.

დღეის მდგომარეობით, ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ბაზარი 2025 წლისთვის 9.5 მილიარდ დოლარად შეფასდა. სხვადასხვა პროგნოზით, 2030 წლისთვის 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

მთავრობა 2030 წლისთვის ნავთობგადამუშავებისა და ნავთობქიმიური სიმძლავრეების გასამმაგებას გეგმავს, რისთვისაც 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა გათვალისწინებული. ასევე აქტიურად ვითარდება ექსპორტის დივერსიფიკაცია „შუა დერეფნის“ მეშვეობით. მოსალოდნელია, რომ 2025 წლისთვის ამ მარშრუტით 1.7 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გაივლებს.

გაზი

რაც შეეხება გაზის სექტორს, როგორც PMCG-ის მიმოხილვაში ვკითხულობთ, ყაზახეთის ბუნებრივი აირის სექტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რადგან შიდა მოხმარების თითქმის ნახევარს აკმაყოფილებს.

2025 წელს ბუნებრივი აირის მთლიანმა მოპოვებამ 68 მლრდ მ3-ს გადააჭარბა (2024 წელს ეს მაჩვენებელი 59 მლრდ მ3 იყო).

შიდა მოთხოვნა კვლავ სწრაფად იზრდება:

  • კომერციული გაზის მოხმარება 2024 წელს 9%-ით გაიზარდა და 21 მლრდ მ3 შეადგინა.
  • პროგნოზების მიხედვით, 2028 წლისთვის მოთხოვნა 32.4 მლრდ მ3-მდე გაიზრდება.
  • 2025 წლის პირველი 11 თვის მონაცემებით, გაზის შიდა მიწოდებამ მთლიანი მოთხოვნის მხოლოდ 48% დაფარა, ხოლო იმპორტი (ძირითადად რუსეთიდან) 45%-ით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი ფლობს დაახლოებით 3.8 ტრილიონ კუბურ მეტრ მარაგს (BP-ის შეფასებით), PMCG-ის შეფასებით, მოპოვების ზრდის გარეშე, ადგილობრივი წარმოება მხოლოდ შიდა მოთხოვნას უპასუხებს.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ყაზახეთის გაზგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა ავლენს მნიშვნელოვან დისბალანსს როგორც სიმძლავრეების, ისე მათი ათვისების თვალსაზრისით.

ეს არათანაბარი მაჩვენებლები იწვევს სტრუქტურულ არაეფექტურობას გაზის შეგროვებისა და ტრანსპორტირების ქსელებში, სადაც ლოგისტიკური ბარიერები ზღუდავს მცირე და საშუალო საბადოებიდან გაზის გამტარუნარიანობას. შედეგად, ყაზახეთი კვლავ მნიშვნელოვნად დამოკიდებული რჩება რამდენიმე მსხვილ გაზის საბადოზე, რაც წარმოების ზრდას უშლის ხელს.

ყაზახეთის მთავრობის პროგნოზით, 2030 წლისთვის გაზის მოპოვება 90.7 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

რაც შეეხება ექსპორტს, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყაზახეთისთვის მთავარი საექსპორტო ენერგორესურსი ნავთობია, რომელსაც მათ შორის საქართველოზე გამავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენითაც ყიდის.

ექსპორტის უმთავრესი მარშრუტი კასპიის მილსადენის კონსორციუმია (CPC), რომელსაც თენგიზისა და კაშაგანის საბადოებიდან ყოველწლიურად 67 მილიონ ტონამდე ნავთობი გადააქვს რუსულ ნოვოროსიისკის პორტში.

სხვა საკვანძო მარშრუტები მოიცავს ყაზახეთი-ჩინეთის მილსადენსა და ათასუ-ალაშანკუს ხაზს, რაც კიდევ უფრო ამყარებს სტრატეგიულ ენერგეტიკულ კავშირებს ჩინეთთან. ბუნებრივი აირის შემთხვევაში, დომინირებს ცენტრალური აზია-ჩინეთის გაზსადენი (CAGP), რომელსაც ჩინეთის სინძიანის რეგიონში წელიწადში 60 მლრდ კუბურ მეტრამდე თურქმენული, უზბეკური და ყაზახური გაზი გადააქვს.

დივერსიფიკაცია და გეოპოლიტიკური რისკები

  • დამოკიდებულება რუსეთზე: ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ორი მესამედი ტრანზიტით გადის CPC-ის მეშვეობით, რომელიც უკრაინის ომის გამო, არაერთხელ დადგა გაჩერებების რისკის წინაშე.
  • დივერსიფიკაციის სტრატეგია: ყაზახეთმა გააფართოვა დასავლეთის საექსპორტო მარშრუტები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) მეშვეობით. ამ მარშრუტების მიზანია წლიურად 20 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები