მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთის ხალიკ ჯგუფმა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ ქართულ საბანკო ბაზარზე ოპერირების 15 წელი დადებითად შეაფასა

უმუტ შაიახმეტოვა ხალიკ ბანკი
BM. GE
06.09.23 14:59
66

„ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, ყაზახეთის ხალიკ ჯგუფსა და  მედიას შორის  გაიმართა შეხვედრა, რომელსაც „ხალიკ ბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უმუტ შაიახმეტოვა და „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გეგუჩაძე უძღვებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მზარდ ეკონომიკურ პარტნიორობაზე, შეაფასეს ხალიკ ბანკის საქართველოს ქართულ საბანკო ბაზარზე განვლილი 15 წელი, შეაჯამეს 2023 წლის პირველი ნახევრის შედეგები  და მოწვეულ მედიას სტრატეგიული გეგმები გააცნეს.

„ხალიკ ჯგუფი“ ყაზახეთის უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია, რომელიც 4 ქვეყანაში - საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში ოპერირებს. ჯგუფი ყაზახეთში წამყვან სადაზღვევო, სალიზინგო, საფინანსო და სატელეკომუნიკაციო კომპანიებით, ხოლო სამ ქვეყანაში საბანკო ინსტიტუციით არის წარმოდგენილი. „ხალიკ ბანკი საქართველო“ ჰოლდინგში შემავალი „ხალიკ ბანკ ყაზახეთის“ შვილობილი ბანკია და ქართულ საბანკო ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. თავად „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“ რეგიონში უმსხვილესი - 30 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივების მფლობელი ბანკია, რომლის კაპიტალიც 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2022 წელს ბანკის მოგებამ მილიარდ ხუთას მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.  აღსანიშნავია, რომ ხალიკ ბანკს მსოფლიოში აღიარებული 3 სარეიტინგო სააგენტოს - Fitch (BBB), S&P (BB+/B) და Moody’s (Ba1) - უმაღლესი რეიტინგი აქვს რეგიონში მინიჭებული და  მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან ივაჭრება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ხალიკ ბანკი“  წელს იუბილარია და 2023 წელს ყაზახეთში მოღვაწეობის 100 წელი შეუსრულდა.

ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ - უმუტ შაიახმეტოვამ - განვლილი გზა და ქართულ-ყაზახური თანამშრომლობა შეაფასა: „ქართულ-ყაზახური მეგობრული ურთიერთობები მრავალ ათწლეულს ითვლის, თუმცა, ბოლო პერიოდში ორი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად მზარდმა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა დააკავშირა.  ჩვენ - ხალიკ ბანკი - ვართ ერთ-ერთი უძველესი კომპანია, რომელიც ფინანსურ ბაზარზე ფუნქციონირებს. ჩვენი ბანკის კაპიტალის 30%-ს საერთაშორისო პარტნიორები ფლობენ. ვთანამშრომლობთ ამერიკულ, ევროპრულ, აზიურ ფონდებთან, რაც ჩვენი კომპანიის სტაბილურობასა და გამჭვირვალობას განაპირობებს.  რაც შეეხება საქართველოს - ჩვენ უკვე 15 წელია ბაზარზე ვართ. ბანკი 2008 წელს გავხსენით და მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი საქართველოსთვის არ იყო მარტივი, ჩვენ დავრჩით ქვეყანაში და ახლაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას. საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორ განვითარდა და გაიზარდა ეტაპობრივად ქვეყანა. საკმაოდ შთამბეჭდავია ქვეყნის დამოკიდებულება და  პოლიტიკა ინვესტიციებთან მიმართებაში. გამოვარჩევდი ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით გატარებულ სამუშაოებს, რომელმაც, საბოოლოდ, შექმნა სასურველი გარემო. შესაბამისად, საქართველო  არის სამაგალითო ქვეყანა ამ მიღწევებისთვის მთელ რეგიონში“ - განაცხადა უმუტ შაიახმეტოვამ.

„ხალიკ ბანკს საქართველოს“  სხვადასხვა ქალაქში 8 ფილიალი აქვს და მრავალფეროვანი სერვისებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

„ხალიკ ბანკი“ განვითარებული და ტექნოლოგიური ბანკია. ჩვენ ძალიან დიდ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს ვხედავთ. „ხალიკ ბანკ საქართველოს“ აქვს Fitch-ის საუკეთესო რეიტინგი (BB+) საქართველოში, რაც დამფუძნებელი კომპანიის მაღალი რეიტინგის დამსახურებაა. მიუხედავად ჩვენი არც თუ ისე დიდი ზომისა, ვცდილობთ მომხმარებლებს უნივერსალური მომსახურება შევთავაზოთ: გვაქვს ყველა პროდუქტი, რომელიც საქართველს საბანკო სივრცეშია აპრობირებული. შემიძლია ვთქვა, რომ 15 წლის განმავლობაში „ხალიკ ბანკიდან“ საქართველოში დამფუძნებლის მიერ სხვადასხვა სახით ორას მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული", - განაცხადა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ

მისივე თქმით, საქართველოში არსებული გამჭვირვალე კანონმდებლობისა და მიმზიდველი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით თანამშრომლობის ინტერესი მაღალია და განვითარების სურვილიც თვალნათლივ ჩანს. „საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანია. ჩვენი მთავარი მიზანია ვიყოთ კლიენტების მოთხოვნილებებზე ორიენტირებული და მათ  აზროვნებაზე მორგებული ბანკი.  ამისთვის გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა და ვთვლით, რომ ხალიკ ბანკ საქართველოს საინტერესო და პერსპექტიული მომავალი აქვს - აღნიშნა გეგუჩაძემ.

შეხვედრაზე ქვეყნის საკანონმდებლო და სამართლებრივ გარემოსაც  შეეხნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბანკირებისთვის გამართული სასამართლო სისტემის ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია,

„ბიზნესის განვითარების მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალიან საინტერესოა, რასაც ხელს უწყობს სხვადასხვა ონლაინსერვისების არსებობა და ხელმისაწვდომობა. საქართველოს მყარი და ძლიერი საბანკო სისტემა აქვს, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოლიტიკის შედეგია.  რაც  შეეხება საბანკო კანონმდებლობას, ჩვენი შეფასებით კანონმდებლობა უფრო კარგი და ხელსაყრელია მომხმარებლებისთვის, ვიდრე ბანკირებისთვის. აღსანიშნავია, რომ არსებული კანონმდებლობა  გამჭვირვალეა, რაც,  შესაბამისად, ჩვენთვის უფრო მისაღები და მარტივია“, - განმარტა შაიახმეტოვამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები