ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა სტრატეგიული მიდგომა შეცვალა – მარეგულირებელი ორგანო ეროვნული რეზერვიდან ოქროს და უცხოურ ვალუტას გაყიდის და მობილიზებული 350 მილიონი დოლარით კრიპტოაქტივებს იყიდის.
ეროვნული ბანკის მმართველის, ტიმურ სულეიმენოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი ყაზახეთს იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის აყენებს, რომლებიც ციფრულ აქტივებს სახელმწიფო დონის სარეზერვო ინსტრუმენტად განიხილავენ. მისი განმარტებით, ინვესტიციები განხორციელდება როგორც უშუალოდ კრიპტოვალუტებში, ისე კრიპტო-ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში და პროექტებში.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი უკვე წლებია წამყვან პოზიციებს იკავებს კრიპტომაინინგის სფეროში და ეს ახალი ინიციატივა ქვეყნის ციფრული ეკონომიკის განვითარების ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევა.
მართალია, რეზერვების ნაწილის კრიპტოაქტივებში გადატანა მიზნად ისახავს გრძელვადიანი ამონაგების გაზრდას, თუმცა ანალიტიკოსები კრიპტობაზრის მაღალ ვოლატილობასთან დაკავშირებულ რისკებზეც მიუთითებენ, რაც ცენტრალური ბანკისგან მართვის მკაცრი მექანიზმების დანერგვას მოითხოვს.




























