აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ წელს კრიპტოდან $1.4 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო. სამთავრობო ეთიკის ოფისში წარდგენილი ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციით ირკვევა, რომ პრეზიდენტისა და მისი შვილების მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, World Liberty Financial-მა თითქმის $800 მილიონი გამოიმუშავა. ეს თანხა $520 მილიონზე მეტი ღირებულების კრიპტო ტოკენების გაყიდვასა და ბიზნესის წილების რეალიზაციიდან მიღებულ $250 მილიონს მოიცავს.
ამასთან, დონალდ ტრამპმა საკუთარი სახელობის ე.წ. მიმკოინების გაყიდვით კიდევ $635 მილიონი მიიღო.
Reuters-ის მონაცემებით, 2025 წელს თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ტრამპის ოჯახის ყველა წევრმა კრიპტო აქტივებით სულ მცირე $2.3 მილიარდი გამოიმუშავა.
რაც შეეხება პრეზიდენტის ტრადიციულ ბიზნესს, გოლფის კლუბებისა და კურორტების შემოსავალი 15%-ით გაიზარდა და $500 მილიონს გადააჭარბა. არსებული ინფორმაციით, ფლორიდაში მდებარე მარ-ა-ლაგოს კლუბის შემოსავალმა $77 მილიონი შეადგინა, ვესტ-პალმ-ბიჩის კლუბის მაჩვენებელი კი 27%-ით გაიზარდა. ამასთან, პრეზიდენტმა მედიაკომპანიებთან სასამართლო დავების მოგვარებით $80 მილიონზე მეტი მიიღო, ხოლო ახლო აღმოსავლელ პარტნიორებთან სახელის ლიცენზირების ხელშეკრულებებიდან $52 მილიონის შემოსავალი დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ უძრავი ქონების სექტორში შემოსავლების ზრდა უფრო ნაკლებად დინამიკური აღმოჩნდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ინტერესთა კონფლიქტის არსებობა კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა აშშ მსოფლიოს კრიპტო დედაქალაქად აქცია, ამიტომ მისი დადანაშაულება ინსაიდერულ ვაჭრობაში დაუშვებელია.




























