ყაზახეთის სამომხმარებლო სურსათის სარეზერვო მარაგების შემნახველი კორპორაცია ექსპორტიორების მიერ ხორბლის უცხო ბაზრებზე ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებაზე განაცხადების მიღებას აჩერებს. გადაწყვეტილება სახელმწიფო ოპერატორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის სახსრების ლიმიტის მიღწევის გამო მიიღეს. წერს ყაზახური გამოცემა ElDala.kz კორპორაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
24 ივლისის მონაცემებით, სურსათის კორპორაციამ მარცვლეულის 409.6 ათასი ტონა ხორბლის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების კომპენსაციის სახით გადამზიდავების ანგარიშებზე 9.1 მილიარდი ტენგე [$16.5 მლნ] გადარიცხა.
თანადაფინანსებული გადაზიდვებს საექსპორტო მიმართულებების ჭრილში, რომ შევხედოთ ყველაზე დიდი მოცულობა აზერბაიჯანში - 174.4 ათასი ტონა [თანადაფინანსების მოცულობა 3.5 მლრდ ტენგეს - $6.4 მლნ] ხორბალი, ბალტიისპირეთის ქვეყნებში - 119.3 ათასი ტონა ხორბალი [თანადაფინანსების მოცულობა 3.3 მილიარდი ტენგე - $6 მლნ], ასევე შავი და ბალტიის ზღვების გავლით სატრანზიტო მარშრუტებზე - 63.8 ათასი ტონა ხორბალი [თანადაფინანსების მოცულობა - 1.2 მლრდ ტენგე - $2.2 მლნ].
"პროდკორპორაციაში" აღნიშნავენ, რომ ექსპორტის გეოგრაფია ადასტურებს ყაზახური ხორბლის მიმართ უცხოური ბაზრებიდან მაღალ ინტერესს.
25 ივნისს სურსათის კორპორაციამ ბაზრის მონაწილეებს გამოყოფილი ბიუჯეტის სახსრების ზღვრის მიღწევის და განაცხადების მიღების შეჩერების შესახებ აცნობა. ამის მიუხედავად, ექსპორტიორებმა კომპენსაციის მისაღებად განაცხადების წარდგენა განაგრძეს. შედეგად, ოპერატორმა განაცხადები 1,2 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების შესახებ მიიღო.
„ამასთან დაკავშირებით, სურსათის კორპორაცია აცნობებს, რომ ადრე მიღებული განაცხადების გადახდა განხორციელდება რესპუბლიკური ბიუჯეტიდან შემდეგი ტრანშის მიღებისთანავე. ლიმიტის მიღწევის შემდეგ წარდგენილი განაცხადები განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსების მოცულობა დამატებით გაიზრდება მარცვლეულის მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის მოქმედი მექანიზმის ფარგლებში“, - იტყობინება პრესსამსახური.
ცნობისთვის, საქართველოში ყაზახური ხორბლის ექსპორტი წელს, სწორედ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ყაზახეთის ხელისუფლებამ ხორბლის ექსპორტის დროს ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. დარგის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ პირობებში საქართველოში ყაზახური ხორბლის შემოტანა მათთვის რენტაბელური ხდებოდა. შედეგად, წლის პირველ ნახევარში ყაზახეთიდან საქართველოში 15 მილიონ 628 ათასი დოლარის ღირებულების 66 207 ტონა ხორბალი შემოვიდა, მაშინ როდესაც გასულ წლებში იმპორტი ნულოვანი იყო.
ყაზახეთში გასულ წელს ხორბლის რეკორდული მოსავალი მოვიდა. მარცვლეულის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის კი ქვეყნის მთავრობამ მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თებერვლიდან ამოქმედდა. ამ მიზნით რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ტენგე გამოიყოფა, რაც შესაძლებლობას იძლევა 2 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი წახალისდეს. ტრანსპორტირების ხარჯები დასუბსიდირდება როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოს შავი ზღვის პორტების გავლით ექსპორტისას.




























