ყაზახეთმა მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირება დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ მარცვლეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მთავარი მიზანი ბაზრიდან მარცვლეულის ჭარბი რაოდენობის ამოღებაა. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.
ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების მიხედვით, მარცვლეულის ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში სამი მარტიდან შევიდა.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბრძანება 2025 წლის პირველი იანვრიდან დადებულ ხელშეკრულებებზე ვრცელდება და ის მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე იქნება ძალაში. გადაწყვეტილების მთავარი მიზანი - ელევატორების სიმძლავრეების გამოთავისუფლება და ხორბლის ჭარბი რაოდენობის ამოღებაა, იმისთვის რომ ბაზარზე ხორბალი არ დაგროვდეს. სუბსიდია ხორბლის გადაზიდვისთვის გაიცემა. ცვლილება საქართველოსაც ეხება. ყაზახური მხარე აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართულებით 1 ტონა ხორბლის ტრანსპორტირების ხარჯს 20 000 ტენგეთი [40 დოლარი] დაასუბსიდირებს, ხოლო აზერბაიჯანისა და საქართველოში გავლით შავი ზღვის პორტებში მარცვლეულის ტრანზიტზე 30 000 ტენგეს [60 დოლარი] გადაიხდის.
საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, ყაზახეთის მიერ ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირება, იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ხორბალი ძვირდება, საქართველოსთვის რუსული ხორბლის ფასის დამაბალანსებელი იქნება.