მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზახეთმა რუსეთიდან მარცვლეულის და ცხოველთა საკვების იმპორტი დროებით აკრძალა - მიზეზები

მარცვლეულის იმპორტი

ყაზახეთმა რუსეთიდან გარკვეული სახის მარცვლეულის, გადამუშავებული პროდუქტებისა და ცხოველთა საკვების იმპორტი დროებით აკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთში ცხოველთა დაავადებების გავრცელება სახელდება. ინფორმაციას ყაზახური მედიები ავრცელებენ.

როგორც ყაზახეთის მარცვლეულის კავშირის წარმომადგენელი, ევგენი კარაბანოვი განმარტავს, შესაბამისი გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული კონტროლისა და ზედამხედველობის კომიტეტმა მიიღო.

2026 წლის 21 მარტით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, აკრძალვა საკმაოდ ფართოა და მოიცავს თითქმის ყველა ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურას: ხორბლის ყველა სახეობა, ჭვავი, ქერი, შვრია და სიმინდი, სოიოს მარცვლები (გარდა სათესლე მასალისა), ქატო, სახამებლის წარმოების ნარჩენები, ჭარხლის ჟომი, ხორბლის ბარდა და ლუდის ნარჩენები, ზეთოვანი კულტურების გადამუშავების ნარჩენები (შროტები) და ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი მცენარეული ნარევები.

შეზღუდვა უკვე ამოქმედდა. ყაზახეთის რკინიგზამ უკვე დაიწყო რუსეთიდან მიმავალი იმ შემადგენლობების უკან გაბრუნება, რომლებიც მარცვლეულით იყო დატვირთული.

ბაზრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ყაზახეთის ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, ბლოკავს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არხს, რომლის მეშვეობითაც რუსული აგროპროდუქცია ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში ხვდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთსა და რუსეთს შორის მარცვლეულის ექსპორტ-იმპორტის საკითხი ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა სავაჭრო დავების საგანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები