ყაზახეთის ბაზარზე ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებლები განგაშის საფუძველს იძლევა - მიიჩნევს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი.
მისი თქმით, მხოლოდ 2023 წელს ყაზახეთის ბაზარზე ავტომობილების რეექსპორტი თითქმის 500 მილიონით გაიზარდა და თუ 2022 წელს ამ ბაზარზე მხოლოდ $106 მლნ-ის ავტომობილები იყო გაყვანილი, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა $590 მლნ-ს გადააჭარბა, რაც საყურადღებოა.
„ეს ერთის მხრივ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, მაგრამ მეორე მხრივ საგანგაშოა და მე, განგაშის სიგნალს გავუგზავნი როგორც დარგს, ისე ხელისუფლებას, რომ ამ დარგს მიაქციონ ყურადღება. ყაზახეთის ბაზრის შესწავლიდან იკვეთება, რომ ეს არის ერთჯერადი მონაცემებით და არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიდან გამომდინარე ის მანიპულაცია, რომ საქართველოდან ყაზახეთში შედის ავტომობილები, რომლებიც საბოლოოდ რუსეთში ხვდება, ამასთან ეს კავშირში ამ ეტაპზე არ არის. ზრდა იმასთანაც არის დაკავშირებული, რომ კოვიდის პერიოდში თუ გარკვეული თავშეკავება იყო ყაზახეთის ბაზარზე, 2022 წელს დაწყებული გააქტიურება 2023 წელს გადაითარგმნა შედეგში, მაგრამ თუ ყაზახეთის ბაზარზე მსუბუქი ავტომობილების იმპორტის და ადგილობრივი წარმოების ტენდენციებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ძალიან გააქტიურებულია. ჩინური ავტომობილების იმპორტი ფაქტობრივად გასამმაგებულია. ამასთან, გასამმაგებულია შიდა ლოკალური წარმოებები (Chevrolet, hyundai და ა.შ). ავტომობილების ექსპორტი ამ ბაზარზე ნამდვილად ან ძველ ნიშნულს დაუბრუნდება ან შემცირდება, რასაც საქართველოში ამ სექტორში მომუშავე პირებზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“, - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას.
ის მიიჩნევს, რომ სექტორმა არსებული ტენდენციები უნდა გააანალიზოს და მიიღოს გადაწყვეტილება ავტომობილების რეექსპორტიდან მიღებული სახსრები ისე ჩააბრუნოს თუ არა ბიზნესის ამ სეგმენტში.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ბაზარზე, ჯერჯერობით, მაღალი აქტივობა წელსაც ნარჩუნდება. 2024 წლის 5 თვის მონაცემებით, ამ ბაზარს 237.2 მლნ დოლარით ავტოექსპორტში მეორე ადგილი უჭირავს ყირგიზეთის შემდეგ ($330.5 მლნ). მაჩვენებელი 50.5 მლნ-ით არის გაზრდილი 2023 წლის 5 თვის მაჩვენებელთან შედარებითაც.