მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზახეთში გაცვლითი პროგრამებით საქართველოდან ყოველწლიურად ხუთი სტუდენტი ისარგებლებს

ყაზახეთი უნივერსიტეტი

ყაზახეთში გაცვლითი პროგრამებით საქართველოდან წლის განმავლობაში ხუთი სტუდენტი გაემგზავრება. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს და ყაზახეთის განათლების უწყებებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი საქართველოს მხრიდან თებერვლის დასაწყისში, ყაზახეთში ვიზიტისას “ოცნების” განათლების მინისტრმა მოაწერა.

შეთანხმების თანახმად, გაცვლითი პროგრამით სარგებლობა შეეძლება ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2-2 სტუდენტს და ერთ დოქტორანტს.

გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებს უფასო განათლებას, ყოველთვიურ სტიპენდიას, ჯანმრთელობის დაზღვევას და საერთო საცხოვრებელში განთავსებას მასპინძელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ანალოგიურად არის გათვალისწინებული ყაზახი სტუდენტების საქართველოში მიღება.

“კურსდამთავრებულებს, რომლებიც დაასრულებენ უმაღლეს და (ან) დიპლომის შემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებს და წარმატებით გაივლიან საბოლოო (სახელმწიფო) გამოცდას, მიიღებენ საგანმანათლებლო დოკუმენტებს მასპინძელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად”, - აღნიშნულია შეთანხმების ტექსტში, რომელიც “საკანონმდებლო მაცნეს” გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, შეთანხმებით გათვალისწინებულია ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება და აკადემიური პერსონალისა და მკვლევართა მომზადება, გადამზადება და პროფესიული განვითარება.

“სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროების გათვალისწინებით, მხარეები ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობას მეცნიერების, ტექნოლოგიების, განვითარებისა და ინოვაციების სფეროებში.

მხარეები შემდგომში წაახალისებენ თანამშრომლობას ევროკავშირის მრავალმხრივი პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში და საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის კვლევითი ორგანიზაციების ერთობლივ მონაწილეობას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების კონცეპტუალური ჩარჩოს სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების საერთაშორისო კონკურსებში”, - წერია შეთანხმების ტექსტში.

შეთანხმებას ხელი ქ. ასტანაში 2025 წლის 6 თებერვალს მოეწერა.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში დაახლოებით 150 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მათ შორის საუკეთესო უნივერსიტეტებად მიიჩნევა KazNU - ალ-ფარაბის ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც 1934 წელს დაარსდა და დღეს დაახლოებით 20 000 სტუდენტს აერთიანებს. ასევე, გუმილიოვის სახელობის ევრაზიის ეროვნული უნივერსიტეტი (ENU) ასტანაში, რომელსაც 13 000 სტუდენტი ჰყავს და ყაზახურ-ბრიტანული ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ალმატში 2000 წელს დაარსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები