ყაზახეთში ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობამ პირველი ბირთვული ელექტროსადგურის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ამომრჩეველთა 70%-ის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სოფელ ულკენში ყაზახეთის ისტორიაში ყველაზე მაღალტექნოლოგიური ელექტროსადგური აშენდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს შეადგენს.
როგორც ცნობილია, პროექტი Rosatom-თან თანამშრომლობით განხორციელდება, რომელიც ბირთვული სადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე აიღებს პასუხისმგებლობას.
მთავრობის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება საბჭოთა გამოცდილების და ჩერნობილის ტრაგედიის გამო გახდა აუცილებელი. როგორც ჩანს, ამჟამად ქვეყნის მოსახლეობა ბირთვული ენერგიის განვითარების მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი, რასაც ის ფაქტი განაპირობებს, რომ ყაზახეთის ენერგოსისტემა ქვანახშირზე მომუშავე თბოსადგურებზეა დამოკიდებული, თავად ამ ტიპის სადგური კი გარემოს იმდენად აბინძურებს, რომ ნეგატიური შედეგების დანახვა ყაზახეთის სოფლებში ფიზიკურად, თვალითაა შესაძლებელი. ამასთან, ქვეყანა სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფაზაშია, ურბანიზაციის ტემპის დაჩქარება კი ენერგომოხმარების ზრდას იწვევს, რომლის დასაკმაყოფილებლად ქვეყანაში ამჟამად არსებული სიმძლავრე საკმარისი უბრალოდ არ არის.