ერთ დროს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ამერიკელი ბილ გეიტსი რევოლუციური გარღვევის წინაშე აღმოჩნდა და, რაც ყველაზე საინტერესოა, ეს გარღვევა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ტექნოლოგიური სფეროდან - ენერგეტიკიდან მოდის. Microsoft-ის დამფუძნებლის განცხადებით, ის მზად არის ახალი თაობის ბირთვული ენერგიის წარმოებაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.
თავად ეს განცხადება პირდაპირ უკავშირდება ახალ ატომურ ელექტროსადგურს, რომლის მშენებლობა მილიარდერმა ვაიომინგის შტატის ქალაქ კემერერში დაიწყო. თავად ეს პროექტი მეტად ამბიციურია, რაზედაც ისიც მიუთითებს, რომ ბილ გეიტსმა მის განვითარებაზე ბოლო წლებში მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. თუმცა ამ თანხამ არ უნდა გაგაკვირვოთ, რადგან გახსნის შემდეგ, ეს ატომური ელექტროსადგური მსოფლიოში ყველაზე განვითარებული იქნება და შესაბამისად, ენერგიის გამომუშავებას უფრო უსაფრთხოდ და გარემოსთვის ნაკლები დაბინძურების ფონზე შეძლებს. ამ ეტაპზე, ატომური ელექტროსადგურის პროექტირებული დადგმული სიმძლავრე 500 მეგავატს შეადგენს, რაც, კომპანიის შეფასებით, 400,000 სახლის წლიურ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ქარხანას TerraPower-ი აშენებს - კომპანია, რომელიც ბილ გეიტსმა ჯერ კიდევ 2008 წელს დააფუძნა. მილიარდერის თქმით, ბირთვულ ენერგიაზე გადასვლა გარდაუვალი და აუცილებელია, რადგან მზარდი ენერგომოხმარების დაკმაყოფილება და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება, ერთდროულად, სხვაგვარად შეუძლებელია. ამ ინდუსტრიაში კომპანიის შექმნაც, მას სწორედ ამან უბიძგა. ამასთან, ბილ გეიტსი წერს იმასაც, რომ ენერგიის არც ერთი სხვა წყარო არ არის ისეთივე სანდო და სუფთა, როგორიც ბირთვული ენერგია. ამ მხრივ, ბილ გეიტსი ნამდვილად არ ცდება, რადგან ბირთვული ენერგია ნამდვილად ითვლება განახლებადი ენერგიის წყაროების ერთ-ერთ ჯანსაღ ალტერნატივად, მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოებაში დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს.
ბირთვული ენერგიის დადებითობა, ცხადია, მეცნიერულადაც მტკიცდება. აი, მაგალითად, გეტყვით, რომ ბირთვული ენერგიის წარმოებით გამოწვეული სიკვდილიანობა 99.7%-ით ნაკლებია ქვანახშირის წარმოების შედეგებთან შედარებით. ქვანახშირიდან ერთი ტერავატ-საათის ენერგიის წარმოებისას, ჰაერის დაბინძურებისა და უბედური შემთხვევების გამო, საშუალოდ, 57 ადამიანი კვდება. ნავთობის შემთხვევაში ეს რიცხვი 18-ს შეადგენს, გაზის შემთხვევაში კი - სამს. რადიკალურად განსხვავებულია ერთი ტერავატ-საათი ენერგიის წარმოებით გამოწვეული სიკვდილიანობა ბირთვული ენერგიის შემთხვევაში, რომელიც მხოლოდ სამ მეასედს შეადგენს. თან, ეს სტატისტიკა ფუკუშიმას და ჩერნობილის კატასტროფების შედეგად მიღებულ მსხვერპლსაც მოიაზრებს.
ახლა კი, ბილ გეიტსის წამოწყებას დავუბრუნდეთ და ვთქვათ, თუ რა განაპირობებს კონკრეტულად ამ პროექტის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას. ამ კითხვაზე პასუხი - მისი ტექნოლოგიურობაა. მოდი, პირველ რიგში გეტყვით, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვეულებრივი ატომური ელექტროსადგური. ყველაფერი ურანის ატომების გახლეჩით იწყება, რა დროსაც დიდი მოცულობით სითბო გამოიყოფა. ამ სითბოს გამოყენებით წყალი დუღილს იწყებს და ორთქლს წარმოქმნის, რომელიც ელექტროენერგიის წარმომქმნელ ტურბინას ატრიალებს. ამ ყველაფრის დროს, ურანის ბირთვს გადახურებისგან წყალი იცავს, მაგრამ წყალი იდეალური გამოსავალი არ არის, რადგან სითბოს შთანთქვის კუთხით ის საუკეთესო მატერია ნამდვილად არ არის, რადგან 100 გრადუსამდე გახურების შემდეგ ორთქლად გადაიქცევა და სითბოს აღარ შთანთქავს. ამასთან, წყლის გაცლებასთან ერთად წნევაც იმატებს, რაც დამატებით პრობლემებს აჩენს და რეალურად, აფეთქების მთავარი გამომწვევი მიზეზიც ისაა.
საპირწონედ ამისა, ბილ გეიტსი ალტერნატივას გვთავაზობს. საუბარია ელექტროსადგურის ბირთვის ისეთ აგებულებაზე, რომელშიც გაგრილების ფუნქციას ასრულებს არა წყალი, არამედ თხევადი ნატრიუმი, რომლის დუღილის ტემპერატურა წყლისას 8-ჯერ აჭარბებს. მარტივად რომ გითხრათ, სითბოს შთანთქმა მას წყალზე გაცილებით ეფექტურად შეუძლია, თანაც წნევის მომატების გარეშე. ცხადია, ამ ტექნოლოგიით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ინტერესდებიან და ბილ გეიტსს სურს, ეს ტექნოლოგია ბიზნესად აქციოს და ის მილიარდობით დოლარი, რაზედაც რამდენიმე წუთის წინ გითხარით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
თუმცა ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მომდევნო წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბირთვულ ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა არის პროგნოზირებული და ყველაფერი ეს ერთი რამით აიხსნება - ჩინეთთან კონკურენციით. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის IT & Innovation Foundation-ის დათვლებით, ატომური ენერგიის კუთხით ჩინეთი ამერიკას უსწრებს, თანაც არა ერთი და ორი წლით, არამედ ერთბაშად თხუთმეტი წლით. თავად ეს ფაქტი კი იმით აიხსნება, რომ ამერიკაში ატომური ელექტროსადგურები ახლა აღარ შენდება, როცა ჩინეთში მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ერთბაშად 27 ატომური ელექტროსადგურის დასრულება არის დაგეგმილი.