ცენტრალური აზიის უდიდეს ქვეყანაში, ყაზახეთში, რეფერენდუმზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ძალაუფლებას კიდევ უფრო განამტკიცებს.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კვირას გამართულ რეფერენდუმში მონაწილეთა 87%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ყაზახეთის პარლამენტის ორ პალატას აერთიანებს და პრეზიდენტს ანიჭებს უფლებას, პარლამენტის თანხმობით დანიშნოს მთავრობის საკვანძო თანამდებობის პირები. აღდგება ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც. ამომრჩეველთა აქტივობამ 73%-ს გადააჭარბა.
საკონსტიტუციო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს პარლამენტის პარალელურად ახალი ორგანოს - "სახალხო საბჭოს" შექმნას, რომელსაც კანონმდებლობისა და რეფერენდუმების ინიციირების უფლებამოსილება ექნება. აღსანიშნავია, რომ მის წევრებს სრულად პრეზიდენტი დანიშნავს.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რიგით მეორე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი თავად თოყაევია. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამან შესაძლოა მას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნებისკენ გაუკვალოს გზა.
72 წლის თოყაევი, ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსანი და ყაზახი დიპლომატი, რომელიც წარსულში გაეროში მუშაობდა, ამჟამად მხოლოდ ერთი 7-წლიანი ვადით, 2029 წლამდე იკავებს თანამდებობას. ანალიტიკოსების შეფასებით, ტოკაევმა რეფერენდუმი შესაძლოა საპრეზიდენტო ვადების "გასანულებლად" გამოიყენოს. მანამდე ახალი ან შეცვლილი კონსტიტუციები, კანონით დადგენილი საპრეზიდენტო ვადების გადასახედად ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთი რესპუბლიკის, მათ შორის რუსეთის, ბელარუსის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებმა გამოიყენეს.
ახალი კონსტიტუცია ასევე ადგენს, რომ ქორწინება აღარ იქნება განმარტებული როგორც უბრალოდ "ორი ადამიანის კავშირი" და ის მხოლოდ "ქალისა და მამაკაცის კავშირად" განისაზღვრება. ანალიტიკოსების თქმით, ეს ნორმა ახალ კონსტიტუციაში იმ კანონის გაგრძელებად გაჩნდა, რომელიც ხელისუფლების მიერ LGBTQ+ ურთიერთობების "პროპაგანდად" მიჩნეულ ქმედებებს კრძალავს.
თოყაევი, რომელიც უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ მოსკოვსა და დასავლეთს შორის დელიკატურ ბალანსს ინარჩუნებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს სწრაფად ცვალებად სამყაროში გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების აუცილებლობით ხსნის.
"ეს ნაბიჯი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ამჟამინდელ პერიოდში, როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება არასტაბილურია, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები სულ უფრო ხელშესახები ხდება", - განაცხადა ტოკაევმა გასულ კვირას.
ყაზახეთის ოპოზიცია სახელისუფლებო სტრუქტურებში წარმოდგენილი არ არის და რეფერენდუმის დაანონსებიდან ერთი თვის განმავლობაში, მან საზოგადოებრივ განწყობებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ვერ შეძლო.
კენჭისყრა ყაზახეთისთვის რთულ პერიოდში გაიმართა - თებერვალში ქვეყანაში ინფლაციამ 11.7%-ს მიაღწია, გადასახადების ზრდამ კი საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეკონომიკურმა პრობლემებმა შესაძლოა საპროტესტო აქციების ახალი ტალღა გამოიწვიოს, ისევე როგორც 2022 წლის საყოველთაო არეულობისას, რომელიც საწვავის ფასების ზრდას მოჰყვა და რასაც ათობით მომიტინგე და პოლიციელი ემსხვერპლა. სწორედ ამის თავიდან აცილებას ცდილობს თოყაევი საკუთარ ხელში ძალაუფლების კონსოლიდაციით.




























