მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახური ნავთობის ექსპორტი საქართველოს გავლით 5-ჯერ გაიზარდა - TCRC-ის ანალიზი

Tengizchevroil

„ყაზახური Tengizchevroil-ი აგვისტოში საქართველოს რკინიგზისა და ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით დაკონტრაქტებული 100 000 ტონა ნავთობის ექსპორტს ახორციელებს, რაც ხუთჯერ აღემატება ივლისში ექსპორტირებულ მოცულობას, როდესაც ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით 20 000 ტონა ნავთობი გადაიზიდა“, - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) პუბლიკაციაშია აღნიშნული.

როგორც TCRC-ის ანალიზშია ნათქვამი, ნავთობნაკადის საქართველოს მიმართულებით გადმორთვა მთლიანად საომარ მოქმედებებზეა დამოკიდებული და როგორც დერეფნისთვის, ასევე საქართველოს სატრანსპორტო მონაკვეთისთვის, დამატებითი ეკონომიკური ეფექტი გააჩნია.

„უხეში გათვლებით, საქართველოს რკინიგზით გარდაბნიდან ბათუმის ნავთობტერმინალამდე სარკინიგზო ტარიფი ტონაზე 18.5 დოლარია, ხოლო ნავთობტერმინალით შენახვა/გატარება – 22.8 დოლარი, ჯამურად, რკინიგზა/ნავსადგურის ინტეგრირებული სისტემით საქართველოში ტონაზე შემოსავალი – 41.3 დოლარია“, - წერს ორგანიზაცია.

რატომ აირჩია ყაზახეთმა ძვირად ღირებული მარშრუტი?

ფაქტობრივად, Tengizchevroil-მა თენგიზის საბადოზე წარმოების შეჩერების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოზე გამავალი ძვირადღირებული ალტერნატიული მარშრუტი აამოქმედა.

ყაზახური ექსპორტის ძირითადი არხი, კასპიის მილსადენი, ნოვოროსიისკის მახლობლად ტანკერებზე განხორციელებული დრონებით თავდასხმების გამო შეფერხებებს განიცდის. ცნობისათვის, ყაზახური ნავთობის ექსპორტის 82% სწორედ ყაზახეთ/რუსეთზე გამავალი მილსადენით ხორციელდება.

მილსადენთან შედარებით, ალტერნატიული, ბათუმის გავლით მიმავალი მარშრუტი 2.4-ჯერ უფრო ძვირია. მიუხედავად ამისა, ყაზახეთი გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება, არჩევანი არ გააჩნია და ყველანაირად ცდილობს, ნოვოროსიისკში გადავსებული ნავთობის საცავი ავზების სანაცვლოდ, ნავთობის ნაწილი ძვირადღირებული, საქართველოზე გამავალი მარშრუტით გადაამისამართოს.

ყაზახეთი, ნაცვლად კასპიის ზღვის საზღვაო მარშრუტისა, თენგიზის ნავთობის კასპიის ზღვის შემოვლით სახმელეთო მიმართულებას იყენებს. ფაქტობრივად, ნავთობის გადაზიდვის მარშრუტი საზღვაოს ნაცვლად, რუსეთის გავლით, სრულად რკინიგზითაა ჩანაცვლებული. საბოლოოდ, ნავთობი ბათუმის ნავთობტერმინალში მუშავდება და შემდგომ საბოლოო დანიშნულებით თურქეთისკენ მიემართება.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან, ლოგისტიკური ხარჯების შესამცირებლად, რუსეთის რკინიგზამ მარშრუტის რუსეთის სარკინიგზო მონაკვეთზე დაწესებულ დსთ-ის სტანდარტულ სარკინიგზო ტარიფებზე 15%-იანი ფასდაკლების კოეფიციენტი აამოქმედა.

ბუნებრივია, თენგიზის ნავთობის ბათუმის მიმართულებით გადმორთვით, მიმდინარე ეტაპზე მხოლოდ მცირე მოცულობის გადამისამართებაზეა საუბარი, რადგანაც არსებობს ჩინეთის მიმართულებით მილსადენის სისტემა, მაგრამ ყაზახური ნავთობის ძირითადი მიმღებები ევროპული ქვეყნებია, ამიტომ უკრაინული დრონებით დაბომბვისას პირველ რიგში ევროპელი მიმღებები ზარალდებიან.

„შესაბამისად, საქართველოს მიმართულებით ნედლი ნავთობის დამკვიდრების პროცესი მნიშვნელოვანია, ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩვენ ქვეყანას წინა წლებში ასეთი ტიპის პროდუქტის გადაზიდვის და გადამუშავების გამოცდილება გააჩნია“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ამასთან, როგორც TCRC-ი წერს, მიუხედავად რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა, საქართველოსთვის პრიორიტეტულია, მაქსიმალურად უზრუნველყოს ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვების დერეფნით დამკვიდრება.

გეოპოლიტიკური კონტექსტი და ევროპული ბაზარი

2025 წელს ყაზახეთმა 29 ქვეყანას 78.7 მლნ ტონა ნავთობი მიაწოდა, რითაც მსოფლიო ბაზრების სტაბილური დივერსიფიკაცია და მიწოდების გეოგრაფიის გაფართოება უზრუნველყო.

2025 წელს იტალია ყაზახური ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა და 15 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.3 მლნ ტონა ნავთობი მიიღო. იტალია, ფაქტობრივად, დისტრიბუციის ჰაბის ფუნქციას ასრულებს, საიდანაც ნედლი ნავთობი მილსადენებით ევროპის სხვა ქვეყნებში იგზავნება. ყაზახური ნავთობის რეალური უმსხვილესი მყიდველი გერმანიაა, რაც ევროპის მიმართულებით განხორციელებული მიწოდების სტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

2025 წელს ნიდერლანდებმა 11 მლნ ტონა, საფრანგეთმა – 6 მლნ ტონა, რუმინეთმა – 5 მლნ ტონა, საბერძნეთმა და ჩინეთმა – თითოეულმა 4-4 მლნ ტონა, თურქეთმა და ესპანეთმა – 3-3 მლნ ტონა, ხოლო შვეიცარიამ – 2 მლნ ტონა შეიძინეს. დანარჩენ ქვეყნებზე 10 მლნ ტონა მოდის.

ამგვარად, თუ ჩინეთის მიმართულებას გამოვრიცხავთ, ყაზახური ნავთობის მიმღები ქვეყნები, ძირითადად, ევროპული იქნებიან, ამიტომ დაბომბვის შედეგად მნიშვნელოვანი შეზღუდვები ევროპულ ქვეყნებს ექმნებათ, არადა ნავთობის აწყობილი სისტემის ჩანაცვლება მოკლე ვადაში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მეორე მხრივ, რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმები, არამდგრადს ხდის სანავთობო ბაზარს და ზიანს აყენებს ამერიკული ექსპორტიორი კომპანიების – Chevron-ისა და ExxonMobil-ის – ინტერესებს, რომლებიც ყაზახურ ნავთობის ექსპორტს კასპიის მილსადენის ტერმინალის გავლით ახორციელებენ. ფაქტობრივად, სახეზეა ყაზახური ნავთობის, როგორც მიმღები ევროპული სახელმწიფოების, ასევე ამერიკული მომპოვებელი კომპანიების ინტერესები.

ყაზახეთის დიპლომატიური სვლა და უკრაინული მხარის პოზიცია

შექმნილი ექსტრაორდინარული მდგომარეობიდან ერთ-ერთ გამოსავლად, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთს შავ ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ გააჩნია, ყაზახი ექსპერტების შეფასებით, ყაზახეთის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში, PABSEC-ში, გაწევრიანება წარმოადგენს.

მათივე განმარტებით, ყაზახეთს სარგებელს მოუტანდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში, PABSEC-ში, გაწევრიანება, მიუხედავად იმისა, რომ მას შავ ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ გააჩნია.

არსებობს მოსაზრება და დიპლომატიური გამოსავალი, რადგანაც ყაზახეთის ეკონომიკა და ლოგისტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული შავ ზღვასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას მასზე პირდაპირი გასასვლელი არ გააჩნია, PABSEC-ში დიპლომატიური წარმომადგენლობა მას საკუთარი ინტერესების დამოუკიდებლად დაცვაში დაეხმარებოდა.

ოფიციალური ასტანის განმარტებით, „შესაძლოა, დადგა დრო, ასტანა ჩაერთოს PABSEC-ის ფარგლებში მიმდინარე დიალოგში, რაც მას საშუალებას მისცემს, არსებითი ხასიათის განხილვები გამართოს იმ სახელმწიფოების კანონმდებლებთან, რომლებიც მართავენ შავი ზღვის სრუტეებსა და სანაპირო ზონებს, სადაც დგინდება გემების გადაადგილების, ტანკერების დაზღვევის, საპორტო მოსაკრებლებისა და გარემოსდაცვითი კონტროლის წესები“.

გარდა ამისა, „დამკვირვებლის სტატუსი ყაზახეთს მკაცრ პოლიტიკურ ვალდებულებებს არ დააკისრებს და არც ასტანას ჩაითრევს რეგიონულ კონფლიქტებში“.

ამასთანავე, ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ჩართულობით, უკრაინის ხელისუფლება დათანხმდა, აღარ განახორციელოს დარტყმები, როგორც იმ ტანკერებზე, რომლებიც რუსეთის კუთვნილებას არ წარმოადგენს, ასევე კასპიის მილსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურაზე. შედეგად, უკრაინამ შეაჩერა თავდასხმები იმ ტანკერებზე, რომლებიც საწვავის ჩასატვირთად ნოვოროსიისკის მახლობლად მდებარე კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალისკენ მიემართებიან.

„დასკვნის სახით – მიუხედავად რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა, საქართველოსთვის პრიორიტეტულია მაქსიმალურად უზრუნველყოს ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვების დერეფნით დამკვიდრება“ – წერს TCRC-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები