მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზახურმა ფინანსურმა მარეგულირებელმა მილიარდერ ტურლოვის Freedom Bank-ს საქართველოში შვილობილის გახსნის უფლება მისცა

Freedom bank

ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური ბაზრების რეგულირებისა და განვითარების სააგენტომ მილიარდერ ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-ს საქართველოში შვილობილი ბანკის დაარსების უფლება მისცა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბანკი აქვეყნებს.

შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე ახალი სააქციო საზოგადოების საქართველოში დაფუძნება, რის შემდეგაც კომპანია უკვე საქართველოში საბანკო ლიცენზიის მიღების მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს. ბანკის პრესრელიზში ნათქვამია, რომ Freedom Bank-ი საქართველოში ახალი ტიპის ციფრული ბანკი იქნება.

"საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შემდეგ, „ფრიდომ ბანკ საქართველო“ შეიმუშავებს მომხმარებელზე ორიენტირებულ ციფრულ გადაწყვეტილებებს და ხელს შეუწყობს ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, მისი საქმიანობის ახალ რეგიონში საუკეთესო ციფრული საბანკო გადაწყვეტილებების პოპულარიზაციით.

საქართველოში შვილობილი ბანკის, „ფრიდომ ბანკის“ დაარსების გადაწყვეტილება 2025 წლის 19 სექტემბერს „ფრიდომ ფინანსის“ ერთადერთმა აქციონერმა მიიღო. პირველ ეტაპზე FBG Company JCS მიიღებს საბანკო ლიცენზიას და დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ციფრული ბანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, კომპანია გარდაიქმნება კომერციულ ბანკად და მას „Freedom Bank Georgia JSC“ ეწოდება,"- ნათქვამია Freedom Bank-ის პრესრელიზში.

BMG-იმ ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით, თუ მიიღეს Freedom Bank-ისგან საქართველოში ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადი, სებ-ში განმარტავენ რომ ოფიციალური განაცხადი ჯერ არ შესულა, თუმცა ამ საკითხზე წინარე განხილვები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით ყაზახეთის Freedom Bank-ის აქტივები 2,514,334,638,000 ტენგეს, ანუ 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები