მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახური PTC Holding ფოთში საპორტო ტერმინალს ააშენებს - პროექტის ღირებულება $10 მლნ-ია

647dad0cc607d
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.23 00:30
1172
ყაზახურ PTC Holding-სა და ქართველ პარტნიორებს შორის საქართველოში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმება შედგა. პროექტი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას PTC Holding-ის ადმინისტრაცია კომპანიის ვებგვერდზე ავრცელებს.

ფოთში, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმება თბილისში PTC Holding-სა და ქართველ პარტნიორებს შორის 2 ივნისს შედგა, ღონისძიებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საბანკო სექტორის და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახებისთვის, საპორტო ტერმინალი ფოთში, პირველი საპორტო ინფრასტრუქტურა იქნება, რომელიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საყრდენი წერტილი, რაც ყაზახური ოპერატორებისთვის მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია.

„როდესაც დიდი მოცულობის სატვირთო ნაკადებსა და ტვირთების მართვაზე გვაქვს საუბარი საჭიროა ვინმეს და რამეს დავეყრდნოთ. ამ მხრივ საპორტო ინფრასტრუქტურასთან მუშაობა ფილიგრანული უნდა იყოს. მან უნდა უზრუნველყოს მიღება, გაფორმება, ტვირთების გაგზავნა. ამიტომ ჩვენ საქართველოში შავიზღვისპირა პორტებს ვუყურებთ. თუ ჩვენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საზღვაო ნაწილზე ვსაუბრობთ, ეს ფაქტობრივად ამ მარშრუტის დასკვნითი ნაწილია. თუ მარშრუტი ალტინკოლის სადგურზე იწყება, ის ფოთსა და ბათუმში სრულდება. ამიტომ ჩვენ იქ წარმოდგენილები უნდა ვიყოთ“, - აცხადებს PTC Holding-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე თიმურ კარაბაევი.

რამდენადაც ფოთის პორტი შავ ზღვაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ტვირთების ტრანსპორტირების საბოლოო წერტილია, პორტის მშენებლობით ყაზახურ ბიზნესს ტვირთების ნაკადების ფორმირებაში ჩართვის შესაძლებლობა, ასევე ყაზახი ექსპორტიორებისთვის ამ მიმართულებით მისაღები სატარიფო პირობების შექმნის და ყაზახეთის გავლით სატრანზიტო ტვირთების დამატებითი მოცულობების მიზიდვის შესაძლებლობას იძლევა.

„ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყო. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა გასული წლის განმავლობაში აცხადებდა და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებისა და ლოგისტიკური ხაზების ვიწრო ადგილების გაფართოების მხრივ გარკვეულ ამოცანებს სახავდა. ამ პოლიტიკის ფარგლებში PTC Holding-მა ფოთის და ბათუმის პორტების მონახულების შემდეგ პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“, - კომპანიის განვითარების დირექტორმა ოლჟას არიკბაევმა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ არჩევანის გაკეთება ფოთზე და არა ბათუმზე, საქართველოში შექმნილი სპეციფიკით იყო განპირობებული, რომლის მიხედვით ბათუმის პორტი ძირითადად ნავთობის ტანკერებსა და ნაყარ ტვირთებს ემსახურება, ფოთი კი საკონტეინერო და საავტომობილოს.

რაც შეეხება პროექტის ტექნიკურ მახასიათებლებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ მისი შესრულებისთვის პარიტეტულ საწყისებზე ერთობლივი საწარმო Poti Transterminal-ი შეიქმნა, სადაც ქართულ მხარესა და PTC Holding-ს თანაბარი 50%-იანი წილები აქვთ. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 10 მლნ დოლარს შეადგენს. თავად ტერმინალი 8 ჰექტარზე იქნება განთავსებული და მისი სიმძლავრე წლიურად 80 000 კონტეინერი იქნება. მშენებლობის დასრულება 2023 წლის ოქტომბერში იგეგმება.

„საინვესტიციო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება იგეგმება. პროექტის კონცეფცია უკვე არსებობს. ახლა მისი დეტალიზაცია უნდა გაკეთდება და მშენებლობა დაიწყოს. ობიექტი დიდი არ არის, მისი ფართი სულ 8 ჰა-ია, ამიტომ მისი აშენება ოპერატიულად შეიძლება. თუ კონკრეტულ ვადებზე ვისაუბრებთ, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ტერმინალი 4-5 თვეში აშენდება, მისი ამოქმედება კი ოქტომბერ-ნოემბერში იგეგმება“, - განაცხადა ოლჟას არიკბაევმა.

BM.GE შეეცდება გაარკვიოს რომელ ქართულ კომპანიასთან მოაწერა ხელი PTC Holding-მა ფოთის პორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები