მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი გუდაურიდან ნაგვის გატანის 104 605 ლარის მომსახურებას გამარტივებულად ყიდულობს

გუდაური

საქართველოს მთავრობამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს მისცა უფლება, გუდაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენების გატანის, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენებისთვის განკუთვნილი 40-კუბიანი კონტეინერი განათავსოს და შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ნარჩენების გატანის მომსახურება შეისყიდოს.

შესაბამისი განკარგულება 27 თებერვალს გამოიცა და ის ითვალისწინებს 104 605 ლარის ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადოს. შესყიდვების საიტზე შესაბამისი შესყიდვაც უკვე გამოქვეყნებულია.

შესყიდვის დოკუმენტის თანახმად, 2013 წლის სექტემბრიდან შპს „გუდაურის განვითარების სააგენტო“, რომლის სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენს შპს "ემ თი ეი", ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გუდაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ტერიტორიის, ხელშეკრულების შესაბამისად უსასყიდლოდ უწევდა დასუფთავების მომსახურებას. თუმცა, შპს "ემ თი ეის" ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას კვლავ გასწიოს აღნიშნული მომსახურება, რის გამოც 31 იანვრიდან ვეღარ უზრუნველყოფს დასუფთავების მომსახურების გაწევას.

"მომსახურების შეწყვეტა იყო მუნიციპალიტეტის ნებისგან დამოუკიდებელი და წინასწარ დაუგეგმავი. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ცნობილი გახდა იანვრის თვეში, შესაბამისად ვერ დაიგეგმებოდა კანონით გათვალისწინებული სატენდერო პროეცედურების (ბაზრის კვლევა და შემდგომში ტენდერის გამოცხადება) განხორციელება. ამან შექმნა რეალური საფრთხე ნარჩენების მართვის სრულ შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე დღეშიც კი გამოიწვევდა სანიტარულ კრიზისს. შესაბამისად, წარმოიშვა დაუყოვნებლივი რეაგირების აუცილებლობა, რომ არ მომხდარიყო მომსახურების წყვეტა, რაც ობიექტურად გამორიცხავდა წინასწარ დაგეგმვასა და სტანდარტული შესყიდვის პროცედურების ჩატარებას.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გუდაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ტერიტორიის დასუფთავების მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილება მიღებულია მაღალი საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, რადგან ნაგვისა და ნარჩენების მართვა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა ტურისტულ და მთიან რეგიონებში. დიდი ზიანი ადგება ტურიზმს. დაბინძურებული გარემო არ არის მიმზიდველი ვიზიტორებისთვის. ვიზიტორთა შემცირება კი პირდაპირ იწვევს ეკონომიკურ ზარალს - ზარალდებიან სასტუმროები, კვების ობიექტები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ტურიზმი.

მოცემული გარემოებების ერთობლიობა — მომსახურების მოულოდნელი შეწყვეტა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი, კურორტის მაღალი დატვირთვა და სტანდარტული ტენდერის ვადების შეუსაბამობა — ქმნის გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურების გამარტივებული წესით (ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა) შესყიდვა არის კანონშესაბამისი, პროპორციული, ოპერატიული და ერთადერთი ეფექტური გადაწყვეტა საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად.

აქედან გამომდინარე, საჭიროა დაუყოვნებლივ განხორციელდეს აღნიშნული მომსახურების შესყიდვა", - წერია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შესყიდვის განმარტებაში.

პარალელურად, იგივე მიზნით, 197 617 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტმაც, რომელიც ქვეშეთის ტერიტორიიდან ნაგვის გატანის მომსახურებას ითვალისწინებს.

"მომსახურების გაწევა დაგეგმილია 2026 წლის 27 თებერვლიდან 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით. აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს ტურისტულად აქტიურ სეზონს, როდესაც: ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება,ნარჩენების მოცულობა მატულობს. დასუფთავების მომსახურების შეფერხებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს საკურორტო სეზონის "ჩავარდნა", - წერია დოკუმენტაციაში.

ცნობისთვის, გუდაურის საკურორტო ზონაში ნაგვის პრობლემაზე იქაური ჰოტელიერები და რესტორატორები ყოველწლიურად საუბრობენ. გამონაკლისი არც წელს ყოფილა. როდესაც კურორტზე ხალხის რაოდენობა იზრდება, ნაგვის ურნებიც მალე ივსება, რის გატანაც დროულად ვერ ხდება.

„მთის კურორტების ბიზნესასოციაციის“ თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში ამბობდა, რომ გუდაურში ქაოსურად ჩამწკრივებული ავტომობილების გამო ვეღარ შედის თოვლის გამწმენდი ტექნიკა, რის შედეგადაც გზა გაუწმენდავი რჩება. ეს კი ჯაჭვურ პრობლემებს წარმოშობს.

„ერთ მხარეს ჩამწკრივებული მანქანების ფონზე ვერ შემოდის თოვლის გამწმენდი ტექნიკა, არ იწმინდება გზა და შესაბამისად, ამ გაუწმენდავ გზაზე ვერ შემოდის ნაგვის მანქანები. გუდაური სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიაქვს ნაგავს“, - განმარტავდა ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები