ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის ავტომობილი, ფიზიკური პირები და მათ მიერ გადმოტანილი ბარგი დეტალურად დაათვალიერეს, რის შედეგადაც 3 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შენადნობი აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევი პირები ოქროს ნივთებს სპეციალურად მოწყობილ სამალავებში მალავდნენ. მათ შორის, ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ. ასევე, პირებს სხეულზე ეკეთათ სპეციალური ქამრები, რომლებსაც ოქროსგან დამზადებული ბალთები ჰქონდათ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება 685,346 ლარს შეადგენს.
შესაბამისად, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.




























