Step Inn Kazbegi-ს დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილი BMG-სთან რეგიონში ტურისტული სექტორისთვის არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რეგიონში ინფრასტურქტურის ნაწილი დღემდე მოუგვარებელი რჩება, კერძოდ საქმე ეხება წყლის და გზების პრობლემას, რაც ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
"ყაზბეგში სულ სისტემატურად მიდის სამუშაოები, დაუსრულებელი პროცესია - იგება გზები, კეთდება წყლის პროექტი, რომელიც ყაზბეგისთვის ძალიან მტკივნეული ნაწილია. ამდენი წლის და ამხელა ტურისტული ნაკადების მიუხედავად, წყლის პრობლემა მოუგვარებელი რჩება და რეგიონს გრაფიკით მიეწოდება. ეს სტუმრებისთვის ძალიან რთული ასახსნელია და ბიზნესს წყლის რეზერვუარების გამოყენება უწევს.
ყაზბეგში მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი იმისთვის, რომ სტუმარი კმაყოფილი იყოს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ქუჩებში გავლა და სეირნობა სტუმრებისთვის შეუძლებელი გახდა", - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.
მისივე ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონი სასტუმროსთვის დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა გასული წლების სურათის არათუ გაუმჯობესება, არამედ გამეორებაც ვერ მოახერხეს.
"იგრძნობოდა ნაკადების კლება, განსაკუთრებით ევროპელი ვიზიტორების ნაწილში, თუმცა ამავდროულად ე.წ. გალფის ქვეყნებიდან მოთხოვნა გაიზარდა.
მთის კურორტებს წელს პრობლემები ჰქონდა, განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ. შემოსული ზარების რაოდენობაც კი 80%-ით შემცირდა", - აცხადებს Step Inn Kazbegi-ს დამფუძნებელი.