ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ყაზმუნაიგაზი“ შუა დერეფნის გავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის ზრდაზე მუშაობს. ამის შესახებ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ასხატ ჰასენოვმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის პრეზიდენტთან როვშან ნაჯაფოვთან შეხვედრისას განაცხადა.
აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკვანძო საკითხები განიხილეს. აღსანიშნია, რომ 2022 წელს „ყაზმუნაიგაზმა“ და SOCAR-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანზიტის შესახებ, რომელიც წელიწადში 1,5 მლნ ტონას შეადგენს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2023 წლის განმავლობაში აქთაუს პორტიდან 1,057 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა. 2024 წლის პირველ ნახევარში კი მილსადენმა 700 ათასი ტონა ყაზახური ნავთობი გაატარა.
„ყაზმუნაიგაზი“ ამ საექსპორტო მიმართულების განვითარებას გეგმავს. დღეისთვის კომპანია პარტნიორებთან ერთად შუა დერეფნის გავლით ყაზახური ნავთობის მიწოდების მოცულობების ზრდაზე მუშაობს“, - აღნიშნა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა ჯამურად 14.4 მლნ ტონა ნავთობი გაატარა. 2023 წელს კი ნავთობსადენმა 30.1 მლნ ტონა ნავთობი გაატარა.