ე.წ. ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია. სოციალურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ხიდზე აფეთქება მოხდა, თუმცა, ოფიციალურ უწყებებს აღნიშნული არ დაუდასტურებიათ. როგორც რუსული მედია იტყობინება, ხიდზე „საგანგებო შემთხვევაა“. ამასთან, ცნობილია, რომ დაღუპულია ორი ადამიანი.
„მოვუწოდებ მოქალაქეებს და ყირიმის ნახევარკუნძულის ვიზიტორებს, თავი შეიკავონ ყირიმის ხიდზე გადაადგილებისგან უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და ალტერნატიული გზებით ისარგებლონ“, - დაწერა ყირიმში რუსეთის ადმინისტრაციის ე.წ. წარმომადგენელმა სერგეი აქსიონოვმა „ტელეგრამზე“.
ცნობისთვის, ყირიმის ხიდი 2018 გაიხსნა. ხიდი მოსკოვმა ააგო, რათა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის კრასნოდარის მხარეს დაეკავშირებინა. ის ვლადიმერ პუტინისთვის ფლაგმანი პროექტი იყო, რომელიც 5 წლის წინ თავად გახსნა. 19 კილომეტრის სიგრძის ხიდის მაშინდელმა ღირებულებამ 3,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ხიდი ქერჩის სრუტეზე ერთადერთი პირდაპირი დამაკავშირებელია რუსეთის სატრანსპორტო ქსელსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის.