მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყოფილ იპოდრომთან ჩამონგრეული ფასადის მშენებელი მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

შენობა ჩამოიშლა

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ ეტაპზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საუბარია ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 მაისს მშენებარე შენობის ფასადის ჩამოშლაზე. სამუშაოებს ტერიტორიაზე "თიზი ჯგუფი" ახორციელებდა.

როგორც კალაძე ამბობს, დარღვევა რამდენიმე დღის წინ, მშენებლობის პროცესში დაფიქსირდა. მისი განმარტებით, სართულშუა გადახურვის კონსტრუქციების მშენებლობისას მასალა ნაწილობრივ ჩამოიშალა.

„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და სუბიექტი დაჯარიმდა 30 000 ლარით, მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო“, — აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, სამშენებლო პროცესი არ შეჩერდება და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

კალაძის განცხადებითვე, ტერიტორიაზე კომპანია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს, მათ შორის, სამი საჩოგბურთო კორტის, საცურაო აუზის, ფიტნეს-დარბაზისა და სხვა სპორტული დანიშნულების სივრცეების მშენებლობას.

„კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია, დაახლოებით, 5 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია. მას ჰყავს აკრედიტებული ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც კონტროლს უწევს მშენებლობის ხარისხსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობას. პირველადი შეფასებით, შენობის მზიდ კონსტრუქციებს საფრთხე არ შექმნია და სამშენებლო მასალის ჩამოშლამ შენობის მდგრადობაზე გავლენა არ მოახდინა“, — თქვა კალაძემ.

მშენებლობის დასრულება და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება 2026 წლის პირველ ივნისს იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები