საქართველოს პარლამენტმა პირველ მოსმენით მიიღო კანონპროექტი, დეპუტატებისთვის ხელფასების მატებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ინიციატორი, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საკითხი აუცილებლად გადასაწყვეტია, რადგან დეპუტატების ხელფასები არაერთი წელია არ შეცვლილა.
საკითხზე მსჯელობა გაიმართა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ დააყენა ინიციატივა, რომ ხელფასთან ერთად, ყოფილი დეპუტატების პენსიების სისტემაც უნდა შეიცვალოს.
მისი თქმით, მოსახსნელია ზედა ზღვარი, რომელიც დეპუტატების შემთხვევაში პენსიების დანიშვნისთვის არის დაწესებული.
“2000-იან წლებში კანონში გაიწერა, რომ ყოფილი დეპუტატების 560-ლარიან პენსიაზე იმოქმედებდა ჩამკეტი და ამის ზემოთ პენსია ვეღარ მოიმატებდა, რაც უსამართლობაა”, - თქვა მაჭუტაძემ და ჩამკეტის მოხსნის ინიციატივით გამოვიდა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, 1-ელი იანვრიდან ეს შეზღუდვა მოიხსნება. მისი განმარტებით, დეპუტატის პენსია განისაზღვრება მისი მუშაობისას არსებული ანაზღაურების 2/3-ით, ზედა ზღვრად კი განსაზღვრულია 560 ლარი. პაპუაშვილის თქმით, პირველი იანვრიდან ეს ზღვარი შეიცვლება და 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი გახდება.
“ყოფილი წევრების პენსიებში არის ცვლილება. იცით, რომ განვიხილავთ ბიუჯეტს. დღეს არსებული სისტემით ხელფასის 1/3 არის ყოფილი პარლამენტის წევრის პენსია, თუმცა ჭერი არის 560 ლარის ოდენობით და პენსია ამის ზემოთ ვერ იქნება. ეს ზედა ზღვარი იცვლება. ეს არის იგივე მუხლი, რომელიც ეხება სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ თანამშრომლებს და ა.შ. – ბევრ სეგმენტს ფარავს და ეს შეეხება ყოფილ დეპუტატებსაც.
ეს ჭერი 1000 ლარამდე იზრდება. ამიტომ პარლამენტის ყოფილ წევრებსაც შეეხებათ ეს ცვლილება. 1-ელი იანვრიდან პენსია 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება პარლამენტარების. იზრდება ბიუჯეტის ცვლილებიდან გამომდინარე.
დღეს პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარი იმიტომაა, რომ დადგენილია ჭერი 560 ლარი. წესით, უნდა იყოს არსებული ხელფასის 1/3, თუმცა ვინაიდან ჭერი 560-ია, ამას ვერ სცდება. ჭერი ბიუჯეტით 1000 ლარამდე იზრდება. ეხება ბევრ სეგმენტს და მათ შორის პარლამენტის ყოფილ წევრებსაც. 1000 ლარამდე აიწევს ჭერი და, შესაბამისად, პენსია იქნება 1000 ლარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა და იქვე განმარტა, რომ ცვლილება შედის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით და თუ ვინმეს ამ საკითხზე კითხვა აქვს, შეუძლია ფინანსთა მინისტრს მიმართოს.