მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოფილი ევროკომისარი: საქართველომ კანონის უზენაესობის გზას გადაუხვია

5f52573059a20
შოთა ტყეშელაშვილი
04.09.20 19:00
1298
ყოფილი ევროკომისარი და იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაუარესების შესახებ წერს. ყოფილი ევროკომისარი ვებგვერდ The Parliament Magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირი ბელარუსის საკითხის განხილვით არის დაკავებული, მნიშვნელოვანია, რომ EU-ს მხედველობის არედან არ გამორჩეს საქართველო, სადაც კანონის უზენაესობის მიმართულებით არსებული ვითარება შესაძლოა გაუარესდეს.

“იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მიერ გაცხადებული პრიორიტეტი ევროკავშირთან ურთიერთობათა დაახლოებაა, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები განსხვავებულ რეალობაზე მეტყველებს და ნათლად ასახავს, რომ ქვეყანა თანდათანობით შორდება იმ პრინციპებს, რომელთაც ევროკავშირი ეფუძნება,”- ამბობს ფრატინი.

ფრანკო ფრატინის შეფასებით, საქართველოში კანონის უზენაესობის მიმართულებით უკუსვლა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებს, რის მაგალითადაც ყოფილ ევროკომისარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების შეფერხება მოჰყვავს.

“საქართველოში საერთაშორისო ინვესტორების მიმართ ვითარება გაუარესებულია.

ამის პირველი თვალსაჩინო მაგალითი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია, რომელსაც საქართველოში ახალი დასავლური ინვესტიციები უნდა მოეზიდა და ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის ჰაბად უნდა ექცია.

თუმცა, ანაკლიის პროექტში ჩართული ინვესტორებისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოების მიერ პროექტის დასაფინანსებლად გამოყოფილი სესხის გარანტირებაზე საქართველოს მთავრობამ უარი თქვა, რასაც პროექტის გაჩერება მოჰყვა,” - წერს ფრანკო ფრატინი.

იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სტრატეგიული პროექტის განვითარების შეფერხების უახლეს მაგალითად ახალი ციფრული დერეფანის პროექტს ასახელებს. საქართველოს გავლით, ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის შექმნას აზერბაიჯანული საინვესტიციო ჰოლდინგი NEQSOL-ი გეგმავს, რომელმაც საქართველოში მოქმედი ოპერატორის “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი შეისყიდა.

“ევროპასა და აზიას შორის ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შექმნა 1.8 მილიარდი მომხმარებლისთვის გააუმჯობესებს ინტერნეტთან წვდომას,”- აღნიშნავს ფრატინი.

ყოფილი ევროკომისარი წერს, რომ საქართველოს მთავრობა ამ გარიგების შეჩერებას ცდილობს. მისი შეფასებით სწორედ ამ მიზნით იყო მოტივირებული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი, რომელიც კომუნიკაციების კომისიის უფლებებს აფართოვებს და მას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს.

“საქართველოს მთავრობა NEQSOL-ის მიერ “კავკასუს ონლაინის” წილის შესყიდვის გარიგების შებრუნებას ცდილობს. ამ მიზნის მისაღწევად კი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, გვიან ღამით გამართულ სხდომებზე განიხილა და მიიღო ცვლილებები კომუნიკაციების კანონმდებლობაში.

ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, კომუნიკაციების მარეგულირებელს მიეცა უპრეცედენტო უფლებები, მათ შორისაა კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია კომპანიის აქტივებთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილებები,”- წერს ფრატინი.

ყოფილი ევროკომისარი აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯები ბრიუსელისგან უფრო მეტ ყურადღებას უნდა იმსახურებდნენ.

“როგორც ყოფილი ევროკომისარი სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ვფიქრობ, რომ ბრიუსელი არ უნდა იყოს უმოქმედოდ, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყანა სამართლის უზენაესობას მის ინსტრუმენტად იყენებს. 

სამართლებრივი უსაფრთხოება ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი ქვაკუთხედია და ის ჩვენი სოციალური და ბიზნეს საქმიანობების დაცვას უზრუნველყოფს. თუმცა, საქართველოში საერთაშორისო ინვესტორებს ამ უფლებას ართმევენ.

უფრო მეტიც, მსგავსი ქმედებები ქმნიან სახიფათო პრეცედენტს, როდესაც მთავრობა სრულ კონტროლს ამყარებს სტრატეგიულ სექტორებზე. მედიათავისუფლება და პლურალიზმი ასეთივე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედებია თანამედროვე დემოკრატიისთვის.

საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში არის დაგეგმილი. ვინ იქნება გარანტორი, რომ მთავრობა არჩევნებამდე სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე არ დაამყარებს კონტროლს?

უცხოური ინვესტიციებისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე მძიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ამასთან, ეს ნაბიჯები საქართველოს მიერ გაცხადებულ დასავლურ მისწრაფებებთან მიმართებით მოდის წინააღმდეგობაში.

დროა, რომ ევროკავშირმა ამ ქმედებებს შესაბამისი შეფასება მისცეს,”- წერს ფრანკო ფრატინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები