მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Youtube-ის ბრძოლა AdBlocker-ების წინააღმდეგ - რა შეიცვალა?

ad

ვიდეოს დაწყებამდე რამდენიმე წამიანი რეკლამის ყურება Youtube-ზე კონტენტის განთავსებისა და ათვისების თანამდევი პროცესია, რომელიც ვიდეოპლატფორმისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სარეკლამო რგოლებისგან თავის არიდების მიზნით, მრავალი მომხმარებელი ბრაუზერის დანამატებს, Ad Blocker-ებს, მიმართავს, რომელთა წყალობითაც ეკრანზე სარეკლამო მასალა აღარ ამოდის.

თუმცა ბოლო განახლების შემდეგ Youtube-მა მომხმარებლებს, რომლებსაც ბრაუზერში რეკლამების დამბლოკავი აქვთ ინტეგრირებული, ვიდეოების ყურებას სრულად უზღუდავს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი Egadget-თან საუბრისას აღნიშნავს, ad blocker-ები პლატფორმით სარგებლობის პირობებს ეწინააღმდეგება, რის გამოც კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით კამპანია წამოიწყო, რომელიც მომხმარებლებს რეკლამების ყურებისკენ ან Youtube Premium-ის შეძენისკენ მოუწოდებს.

“რეკლამები ჩვენს მრავალფეროვან ეკოსისტემაში ჩართულ კონტენტ კრეატორთა განვითარებას უწყობს ხელს და მილიარდობით ადამიანს შანსს აძლევს, მათთვის საყვარელ ვიდეოებს ერთ სივრცეში უფასოდ უყურონ”, - აღნიშნავს Youtube-ის წარმომადგენელი.

Youtube-მა AdBlocker-ების წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაიწყო. მაგალითად, მომხმარებლებს, რომლებიც სარეკლამო რგოლებს თავს არიდებდნენ, ივნისიდან ყოველდღიურად მხოლოდ 3 ვიდეოს ნახვის უფლება ჰქონდათ.

კომპანიის გადაწყვეტილებას კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. მომხმარებლები, რომლებსაც ვიდეოების ყურება ყოველგვარი სარეკლამო ჭრის გარეშე სურთ, სოციალური ქსელების საშუალებით Youtube-ის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ამავდროულად, Youtube-მა Premium პაკეტით ყოველთვიური სარგებლობის ღირებულება $12-დან $14-მდე გაზარდა. Premium-ი, სხვა სერვისებთან ერთად, მომხმარებლებს ვიდეოებზე წვდომას Offline რეჟიმშიც აძლევს, თუმცა მათთვის, ვისაც მხოლოდ რეკლამების შეზღუდვა სურთ, პაკეტის ფასი, შეიძლება, ხელმისაწვდომი სულაც არ იყოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე Youtube-ი ყოველთვიური გამოწერის უფრო ხელმისაწვდომ პაკეტსაც სთავაზობდა მომხმარებლებს, რომლის $7.5-ად შეძენის შემთხვევაში აპლიკაცია რეკლამებისგან თავისუფლდებოდა, თუმცა კომპანიამ ეს ფუნქცია რამდენიმე დღის წინ გააუქმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები