TIME-მა YouTube-ის ინდური წარმოშობის ხელმძღვანელი, ნილ მოჰანი 2025 წლის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად (CEO of the Year) დაასახელა.
"YouTube ქმნის იმ კულტურულ რაციონს, რომლითაც დედამიწის მოსახლეობა იკვებება. მოჰანი ფერმერია; რასაც ის მოიყვანს, სწორედ იმას მივირთმევთ ჩვენ", - წერს TIME და განმარტავს, თუ რატომ შეაჩერა არჩევანი მასზე.
TIME-ის თანახმად, 51 წლის ასაკში მოჰანი ამერიკული ტექნოლოგიური სფეროს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ლიდერია და ისეთ ფიგურებთან ერთად მოიხსენიება, როგორებიც არიან Alphabet-ის სუნდარ პიჩაი, Microsoft-ის სატია ნადელა ან Adobe-ის შანტანუ ნარაიენი.
ნილ მოჰანმა პროფესიული კარიერა 1996 წელს, Accenture-ში, უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე დაიწყო.
2015 წელს ის YouTube-ს შეუერთდა პროდუქტების დირექტორის (Chief Product Officer) რანგში, ხოლო 2023 წელს აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე სიუზან ვოჯიცკი შეცვალა.
თავის მიმოხილვაში TIME აღწერს YouTube-ს, როგორც პლატფორმას, რომელიც გლობალურ კულტურას უპრეცედენტო მასშტაბით აყალიბებს, ხოლო მოჰანს პიროვნებად, რომელიც კულტურას მართავს.
"YouTube უზრუნველყოფს ნიადაგს, სადაც ყველა მოდის და რგავს იმას, რაც სურს - იქნება ეს მკვებავი თუ მომწამვლელი მცენარე... რაც იქ იზრდება, საბოლოოდ იმას მოიხმარს საზოგადოება", - წერს ჟურნალი.
ჟურნალი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოჰანი მართავს, როგორც TIME უწოდებს, მსოფლიოს "ყურადღების გამფანტველ ყველაზე მძლავრ მანქანას", თავად ის "გასაოცრად მშვიდი" პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს.
"ის საუბრობს წყნარად, არის დინჯი და მისი წყობიდან გამოყვანა რთულია. უყვარს სპორტის ყურება, ქალიშვილების საცეკვაო გამოსვლებზე დასწრება და თეთრი, საყელოშეხსნილი პერანგები - მოკლედ, ჩვეულებრივი რამეები... თუ სთხოვთ თქვენს YouTube ვიდეოში მონაწილეობას, სავარაუდოდ დაგთანხმდებათ. ვიდეოში ის არ იქნება ბრწყინვალე, მაგრამ არც საშინელი", - წერს TIME.
იმ დრამატულ ცვლილებებს, რომლებსაც YouTube იწვევს მედიასამყაროში, თავად მოჰანიც აღიარებს: "მთლიანი მედიაინდუსტრიის დინამიკა ჩვენ თვალწინ იცვლება... ეს წარმოუდგენლად რევოლუციური პროცესია და თუ არ მოერგები, შესაძლოა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდე", - განუცხადა მან TIME-ს.
მან ასევე განმარტა ის პრინციპი, რომელიც მის გადაწყვეტილებებს წარმართავს: "ფუნდამენტური ორიენტირი, რითაც ვხელმძღვანელობ YouTube-ზე კონტენტის პოლიტიკასა და ზოგადად მოდერაციაზე ფიქრისას, არის ის, რომ ხმა მივცეთ ყველას".
TIME დეკემბერში წლის ადამიანთან ერთად, ყველაზე გავლენიან ადამიანებს სხვადასხვა კატეგორიაშიც ავლენს. 2025-ში წლის CEO-დ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნილ მოჰანი დასახელდა.
გარდა ამისა, ჟურნალი ყველაზე გავლენიანი ადამიანების, ან ადამიანთა ჯგუფის ასეულსაც აქვეყნებს. რუბრიკა არტისტებს, ნოვატორებს, ტიტანებს, ლიდერებს, პიონერებსა და ე.წ. "აიქონებს" აერთიანებს. თითოეულ კატეგორიაში კი რამდენიმე, საშუალოდ 8-9 გავლენიან ადამიანს ავლენს.
მაგალითისთვის, TIME-ის წლევანდელ ასეულში ხვდებიან: ედ შერანი, სკარლეტ იოჰანსონი, სნუპ დოგი, სერენე უილიამსი, სიმონ ბაილსი, მარკ ზაკერბერგი, ედრიენ ბროდი, ბობი ბრაუნი, კირ სტარმერი, დონალდ ტრამპი, ილონ მასკი და სხვები.




























