მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

გელა გარჩაგოდაშვილი

მუშახელის მწვავე დეფიციტი და ქსელურ მარკეტებში პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული ბარიერები - ეს არის ორი მთავარი გამოწვევა, რაც ჩაის მწარმოებელი კომპანია „ჯი ჯი ჯის“ დამფუძნებელ გელა გარჩაგოდაშვილის შეფასებით, ქართული ჩაის სექტორს აწუხებს.

მარტვილში მოქმედი საწარმო, რომელიც ბაზარზე ბრენდ „ჩაი მარტვილი - სადადიანოს“ სახელით არის ცნობილი, 2007 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიამ საქმიანობა ძველი კოლმეურნეობისა და მისი პლანტაციების შეძენით დაიწყო.

„დღესდღეობით, გვაქვს 120 ჰექტარი მოქმედი ჩაის პლანტაცია, ხოლო 400 ჰექტარი რეზერვშია - სარეაბილიტაციო ფართობი, რომელსაც ყოველწლიურად 10-20 ჰექტარით ვამატებთ. ყველა ნაკვეთი ჩვენს საკუთრებაშია. ვაწარმოებთ შავსა და მწვანე ჩაის, როგორც ელიტურ, ისე ეკონომ-სეგმენტს“, - აცხადებს გელა გარჩაგოდაშვილი BMG-თან.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, 2007 წლიდან მოყოლებული, ჩაის ბიზნესში 5 მლნ დოლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, წარმოების მასშტაბები წლიდან წლამდე მცირდება - ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აგრომეწარმე სამუშაო ძალის დეფიციტს ასახელებს.

“პანდემიის პერიოდში, როცა ყველაფერი ჩაიკეტა, სერიოზულად ვმუშაობდით. იმ წლებში 500 ტონა მზა პროდუქცია გამოვუშვით. შარშან ეს მაჩვენებელი 80 ტონამდე შემცირდა, წელს კი 20 ტონა მზა პროდუქციასაც (100 ტონა ნედლ ფოთოლს) ვერ ვაწარმოებთ. ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის. ფიზიკურად არ არიან ადამიანები. დღეს 120 ჰექტარ პლანტაციაში სულ 10-12 ადამიანი მყავს დასაქმებული, რაც სასაცილოც კი არის“, - ამბობს მეწარმე.

მისი თქმით, ჩაის კრეფის პროცესში მცირე მექანიზაციით მომუშავე პერსონალის ანაზღაურება დღიურად 150-დან 200 ლარამდე აღწევს. ხელით კრეფისას, ჩვეულებრივი ჩაის შემთხვევაში, კილოგრამის ღირებულება 3-დან 5 ლარამდეა, ხოლო უმაღლესი ხარისხის თეთრი ჩაის დაკრეფაში საწარმო კილოგრამში 25 ლარს იხდის.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც ჩაის მწარმოებელმა გამოყო, ქსელურ მარკეტებში შესვლაა. გელა გარჩაგოდაშვილის თქმით, მაღალი გადასახადები, დემპინგური ფასები და დებიტორული დავალიანებების დაფარვის ხანგრძლივი ვადები მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების საშუალებას არ აძლევს.

"ქსელურ მაღაზიებში შესვლა, „ქეშბექები“ და დახლების ყიდვა ძალზე რთული პროცესია. გარკვეული ქსელებიდან საერთოდ გამოვედით, რადგან აზრი არ ჰქონდა. თვეობით გვიწევს ველოდოთ ანგარიშსწორებას. ასეთ პარტნიორობას მირჩევნია პროდუქცია ევროპაში გადავზიდო ან ნედლეულის სახით გავყიდო“, - თქვა მან.

"ჩაი მარტვილი - სადადიანო“ ექსპორტზე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადის, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ლიეტუვაში, სადაც კომპანიას ცენტრალური საწყობი აქვს მოწყობილი. აგრომეწარმის თქმით, ელიტარული ჩაის საექსპორტო ფასი კილოგრამზე 80 ლარია.

კომპანია „ჯი ჯი ჯი” წევრია ქართულო ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაცია „საქართველო - ჩაის რესპუბლიკის“, რომელიც 2026 წლის იანვარში შვეიცარიული ორგანიზაცია “ჰელვეტასის” ტექნიკური დახმარებით შეიქმნა. „საქართველო - ჩაის რესპუბლიკა“ (GRT) არის კოლექტიური მარკეტინგული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 35 ჩაის მწარმოებელსა და ასევე სხვა ასოციაციის ხელმძღვანელებს. ორგანიზაცია ჩაის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებისა და ქართული ჩაის ერთიანი იდენტობით პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. "ჩაის რესპუბლიკის" წევრი ქართული ჩაის მწარმოებლები საერთო ბრენდის შექმნას გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები