ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ 85-100 მლნ ევრო, რომელიც ყოველწლიურად ევროკავშირიდან საქართველოში იხარჯებოდა, უმეტესად ბიუჯეტში მიემართებოდა. მისი თქმით, ახლა დახმარება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ მისამართდება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან კახეთში, რეგიონული ვიზიტისას ისაუბრა.
"ბევრი წლის განმავლობაში ევროკავშირი ამაყად უჭერდა მხარს საქართველოს განვითარებას და საქართველოს სურვილს, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვხარჯავდით 85-100 მილიონ ევროს სხვადასხვა პროექტების მხარდასაჭერად. ამ თანხიდან უდიდესი ნაწილი პირდაპირ საქართველოს მთავრობას გადაეცემოდა, დაახლოებით 50% მიმართული იყო პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში. დიდი ნაწილი გადაეცემოდა ჩვენს განმახორციელებელ პარტნიორებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროსთან მუშაობდნენ. მხოლოდ მცირე ნაწილი გადაეცემოდა სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს. საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება. ასე რომ ფული, რომელიც პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და საქართველოს სამინისტროებში მიდიოდა შეჩერდება და ვცდილობთ, რომ სულ მცირე ამ ფულის ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად გადავამისამართოთ",- ამბობს ელჩი.
ჰერჩინსკიმ ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას USAID-ის დაფინანსების დროებით გაყინვის კონტექსტში.
"ვიცი, რომ განსაკუთრებით ახლა, USAID-ის გადაწყვეტილების კონტექსტში, გაყინოს დაფინანსება 3 თვით, ბევრ ორგანიზაციას, რომლებიც უკიდურესად ღირებულ სამუშაოს ახორციელებენ ადგილობრივი თემებისთვის, დახმარება სჭირდებათ და ამიტომ ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი დახმარება იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ბევრი ეს სამოქალაქო ორგანიზაცია და დამოუკიდებელი მედია ძალიან რთულ მდგომარეობაშია კანონმდებლობის, ნარატივების, დაშინების გამო, მაგრამ ჩვენ, ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს საქართველოში",- განაცხადა ელჩმა.