ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, სამინისტრო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიასთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს ავიაბაზარზე გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი და მიმართულებები იყოს დივერსიფიცირებული.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ავიაბაზარზე უკვე 70-მდე ავიაკომპანიაა. მისივე თქმით, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მხრივ კიდევ ბევრი სიახლე იქნება.
„მხოლოდ ნოემბრის თვეში უკვე რამდენიმე ავიაკომპანიასთან დაკავშირებით გავავრცელეთ ინფორმაცია - ეს იყო ჩინური ავიაკომპანია, რომელმაც დაამატა ფრენები პეკინის მიმართულებით და, შესაბამისად, თბილისი-ურუმჩი-პეკინის მიმართულებით შესრულდება რეისები მიმდინარე წლის დეკემბრის თვიდან, ასევე დეკემბრიდან „ვიზეარი“ იწყებს ფრენებს ვენეციის მიმართულებით ქუთაისიდან, ხოლო ევროპული ავიაკომპანია Condor Airlines ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს ზაფხულის სეზონიდან ყოველდღიურად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფრანკფურტის ჰაბთან დაკავშირებისა და ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების კუთხით“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სკანდინავიის სიდიდით მეორე და ნორვეგიის ყველაზე დიდი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე შემოდის და ფრენებს დანიის მიმართულებით იწყებს. ავიაკომპანია Norwegian თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის 27 ივნისიდან პირდაპირი ავიარეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.
აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეისები არასდროს შესრულებულა. კოპენჰაგენთან პირდაპირი საჰაერო კავშირი მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ჰქონდა. თუმცა Wizz air-მა კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულება გააუქმა, რის მიზეზადაც დაბალი მოთხოვნა დასახელდა.
როგორია ტურიზმის სტატისტიკა დანიიდან?
თამარ იოსელიანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა და გასულ წელს სკანდინავიიდან ვიზიტორთა დაახლოებით 27%-იანი მატება დაფიქსირდა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, სწორედ ეს განაპირობებს ავიაბაზარზე საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს.
„ეს იყო ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, რომ ჩვენ შევძელით Norwegian-ის საქართველოში შემოყვანა. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ოპერირება ბაზარზე კონკურენციას ზრდის, შესაბამისად, დაბალი ფასები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ. უნდა აღინიშნოს, რომ სკანდინავიის ქვეყნები ჩვენი სამიზნე მიმართულებაა - იქიდან საქართველოში მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტები შემოდიან და ჩვენთვის ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.




























