„აქ არ არის საუბარი ჩამორთმევაზე“ - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მთავრობის სხდომაზე, გლდანის ტბასთან დაკავშირებით, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას.
გიორგი ტყემალაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, რაც კახა კალაძე თბილისის მერია, მუნიციპალიტეტმა არაერთი სარეკრეაციო სივრცე თუ პარკი გამოისყიდა.
„თუ რაიმე უკანონობაა, ჩამორთმევაც შეიძლება, თუმცა კერძო საკუთრებაა და მოხდება შესწავლა, რა მიზეზით ხდება ეს და ა.შ. შემდგომ შეგვიძლია ჩვენ სამართლებრივ ფორმაზე ვისაუბროთ“ - ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“-ს პირდაპირ ეთერში.
თბილისის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ გლდანი ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია, შეინიშნება წყლის დონის კლება და წყალმცენარეების ზრდა, რაც მიუღებელია.
„ეს ტბა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო გაყიდული, დღეს ეს სივრცე კერძო საკუთრებაა, იქ არაფერი გაკეთებულა და მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებია. ჩვენ ვერ დაველოდებით, რას იზამს ინვესტორი და ამ საკითხის მოკვლევას აუცილებლად დავიწყებთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, თუ რატომ გასხვისდა. არ ვიცნობ კონტრაქტს და არ ვიცი რა ვალდებულებებით გასხვისდა ტერიტორია, შესაძლოა ადგილის ჩამორთმევა მოგვიწიოს. არ ვიცნობ ხელშეკრულებას და კონტრაქტს, რა ვალდებულებებით იყო გასხვისებული ეს ტერიტორია, თუმცა რა მდგომარეობაც იქ დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია", - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ტბის და მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად და აღნიშნული ადგილის გაჯანსაღებისთვის, ტენდერი გამოცხადდება.
"კატეგორიულად მიუღებელია იქ არსებული მდგომარეობა, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მერია აცხადებს ტენდერს - რის საფუძველზეც ღრმა კვლევები ჩატარდება სამი მიმართულებით, ესენია- ჰიდროლოგია, ნიადაგის მდგომარეობა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, რომ გავიგოთ თუ რატო ხდება ტბის დაშრობა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარებული იყოს. ამ კვლევების შედეგად ტბის და მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა შეფასდება, და განისაზღვრება მისი გაჯანსაღებისთვის საჭირო ღონისძიებები", - თქვა თბილისის მერმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე „ანალიტიკა“-სთან პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, რომელიც მძიმე სიტუაციას და მემკვიდრეობას ასახავს.
„მესაკუთრის ინტერესი ყოველთვის გათვალისწინებულია. არანაირ ჩამორთმევებზე საუბარი არ არის. ყველა შემთხვევა სამართლებრივად გამართულია და შესაბამისი კომპენსაციებიც არის გადახდილი - ამბობს გიორგი ტყემალაძე „ანალიტიკა“-სთან - მაგალითად: ვაკის პარკის მონაცვლეობა, მზიური, დავიბრუნეთ საფეხბურთო კლუბი ავაზა - ყველა ამ ქეისში არაერთი მილიონი გვაქვს გადახდილი. მესაკუთრის ინტერესი იყო დაცული - მიუხედავად იმისა, მუნიციპალიტეტს ჰქონდა თუ არა სურვილი იმისა, რომ ამის ანაზღაურება მომხდარიყო. თუ რაიმე საინვესტიციო ვალდებულების ვერშესრულება ხდება, ეს არის სამართლებრივი საფუძველი, რომ შეთანხმება ანულირებული იყოს, ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია - თუმცა, მე ტყუილად არ ვახსენე ეს ბევრი ქეისი, რომელშიც ჩვენ არაერთი მილიონი გვაქვს გადახდილი.“
გლდანის ტბის მფლობელი „საქმის კურსთან“ კომენტარში ამბობს, რომ ტერიტორიაზე ინვესტიციას მაშინ ექნება აზრი, თუ თბილისის მერია ტბას მოუვლის და გაწმენდს. მისივე თქმით, არ შეიძლება ის იმის გამო დაისაჯოს, რომ ტერიტორია არ დაანაწევრა და სარეკრეაციო ზონა უცვლელად შეინარჩუნა.
გიორგი ტყემალაძის თქმით, ინვესტორის არგუმენტები მიუღებელია. „ახლა ეს კომენტარი, რომ თურმე ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ მესაკუთრეს, რომ არ მოხდა დანაწევრება და იქ სხვა ფუნქციით განვითარება, ამას რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ იქიდან გამომდინარე, რომ ფუნქციური ზონაც არ აძლევს მას ამის შესაძლებლობას“ - ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე „ანალიტიკა“-ს პირდაპირ ეთერში. მისივე თქმით, ტერიტორიების გამოსყიდვას თბილისის მერია მოსახლეობის ინტერესების დაცვით ხსნის.
„ყოველდღიური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“ - ამბობს გიორგი ტყემალაძე.