მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია - კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა, თუმცა შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და გაწმენდითი სამუშაოები ახლაც გრძელდება.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე კალაძემ აღნიშნა, რომ უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი მოკლე დროში მოვიდა, რაც მსგავს პრობლემებს ევროპის განვითარებულ ქალაქებშიც ქმნის.

„როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი მსგავს შემთხვევებზე ბევრჯერ გვისაუბრია ეს მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც, სადაც არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ყველაფერი მოწესრიგებულია. თუმცა, დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის,“ - განაცხადა კალაძემ.

მან დასძინა, რომ ეს ქალაქში არსებული პრობლემების უგულებელყოფას არ ნიშნავს და მერია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეტაპობრივად განაგრძობს.

„ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს თბილისში ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ. პირიქით, სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან მოყოლებული, სადაც ვიწყებთ სამუშაოებს საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება და სანიაღვრე სისტემების მოწყობა.

ჩვენ ხომ გვახსოვს, წინა წლების განვლობაში გზებს მხოლოდ ზედაპირულად აგებდნენ. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა. დღეს კი პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა. თუმცა საგანგაშო არაფერია, ეტაპობრივად ყველაფერი მოწესრიგდება.“

კალაძე ოპოზიციურ კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერიის ამოცანა პრობლემების მოგვარებაა და არა კამათი.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროულად მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის.

ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს. სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ,“ - აღნიშნა მერმა.

თბილისის მერის ცნობით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 საათის განმავლობაში სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ნალექი დაფიქსირდა, სადაც მოსულმა წყლის რაოდენობამ 110 მმ შეადგინა.

ყველაზე პრობლემურ ლოკაციებად დასახელდა:

  • თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთა;
  • გურამიშვილის გამზირი (შეტბორვა);
  • მარჯვენა სანაპირო, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორია და ერისთავის ქუჩის მიმართულება.

კალაძის თქმით, მერიის ცხელი ხაზი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და მუნიციპალიტეტი ყველა დაზარალებულ მოქალაქეს დაეხმარება.

„კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა წვიმამ დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემები... იყო გარკვეული მომართვიანობა სხვადასხვა რაიონში და ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობების ფარგლებში ყველას დავეხმარებით და გვერდით დავუდგებით.“

მან მადლობა გადაუხადა გაწმენდით სამუშაოებში ჩართულ პირებს: „თბილსერვის ჯგუფს“, რაიონულ გამგეობებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები