მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყოველწლიურად წვენების ექსპორტი ისე არ იზრდება, რომ კმაყოფილი ვიყოთ - „ალალი“

გოჩა ღვინეფაძე

ქართული წარმოების ნატურალური წვენების ბრენდ „ალალის“ დამფუძნებლის შეფასებით, საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ზრდის ტენდენცია ისეთი არ არის, რომ კმაყოფილები იყვნენ. გოჩა ღვინეფაძე BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ წვენების ექსპორტი მხოლოდ ფასის მატების ხარჯზე იზრდება და მოცულობები არ იცვლება.

„წლიდან წლამდე ექსპორტი მცირედით იზრდება, თუმცა ეს ის რაოდენობა არ არის, რომ ვინმე კმაყოფილი იყოს. საექსპორტო ბაზრებზე ფასი იზრდება, თუმცა მოცულობები შესაბამისად არ იზრდება“, - აღნიშნავს გოჩა ღვინეფაძე.

7 თვეში მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ექსპორტზე 14.2 მლნ დოლარის ღირებულების 8 739 ტონა ქართული წვენები გავიდა, რაც ადგილობრივი ექსპორტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ექსპორტით მიღებული შემოსავალი 9.5%-ით გაიზარდა, გადაზიდული ტვირთის მოცულობა კი შედარებით ნაკლებად 0.9%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს ნატურალური ხილის წვენები გაძვირდა.

მეწარმე იმასაც აღნიშნავს, რომ წარმოებაში ხარჯის ძალიან დიდი ნაწილი შესაფუთი მასალებისა და სერვისის იმპორტზე მოდის, რაც მათთვის გამოწვევაა.

„როდესაც ევროპის ბაზარზე ვსაუბრობთ, ჩვენთან ხილი ევროპასთან შედარებით არც ისე იაფია... ნორმალური ფასია, რაც ჩვენი ფერმერებისთვის სასიკეთოა. თუმცა ამის გარდა ტექნოლოგიური ხაზები ყველაფერი ევროპულია. ჩვენ მათი მომსახურება ევროპიდან ჩამოყვანილი სპეციალისტებით გვიწევს, ამასთან შესაფუთი მასალები - ბოთლის, ხუფის, ეტიკეტის იმპორტირება გვიწევს. ეს ყველაფერი ევროპიდან შემოგვაქვს, აქ ვიბარებთ ქართულ ხილს ჩავასხამთ ბოთლში და ისევ ევროპაში ვაგზავნით და გვინდა ადგილი დავიმკვიდროთ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობთ. იმედია გამოგვივა, რადგან ჩვენ სხვებთან შედარებით საკმაოდ არომატული და ჯანსაღი ხილი გვაქვს, რაც უპირატესობას გვაძლევს“, - აღნიშნავს „ალალის“ დამფუძნებელი.

მისი ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია და ქართულ ნატურალურ წვენებს ძლიერ კონკურენტებთან უწევთ დაპირისპირება.

„ფასების მიხედვით თურქეთი ნატურალური წვენებით საქართველოს საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს, რადგან უფრო ინდუსტრიული წარმოება აქვთ, ხილიც მეტი აქვთ, თუმცა ქართული ხილი უფრო ხარისხიანია. ამასთან მსოფლიო ბაზარზე ფასი თურქეთის პროდუქტთან ასოცირდება.

რაც შეეხება ევროპულ წარმოებას, ევროპელები სენსიტიური მომხმარებლები არიან და ცდილობენ თავისი წარმოების პროდუქტი იყიდონ, ჩვენს პროდუქტებს როგორც კრაფტ წვენებს ისე ყიდულობენ. აქედან გამომდინარე ვცდილობთ ფასით კონკურენცია გავუწიოთ ევროპულ პროდუქტს, თუმცა თურქული პროდუქციის ფასად ვერ გავყიდით, თუმცა ვცდილობთ ფასით და ხარისხით გავუწიოთ კონკურენცია“, - განმარტავს ღვინეფაძე.

დღეისთვის „ალალის“ წვენების წარმოების 50% ექსპორტზე ამერიკაში, კანადაში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ყაზახეთში, უზბეკეთში და მცირე მოცულობით რუსეთში გადის. თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებაზე მუშაობს და ერთ-ერთი ქვეყანა შეიძლება ჩინეთი იყოს. ამისთვის კი „ალალის“ ბრენდით წვენების მწარმოებელი კომპანია „აჩინებული“ ჩინეთში გამართულ აგრო-სასურსათო გამოფენაზე იყო წარდგენილი. მეწარმე #რედაქტ2-თან საუბრისას გამოფენის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ხელშესახები შედეგები დაახლოებით ოქტომბრისთვის ექნებათ.

"რამდენიმე დღეა რაც ჩინეთში გამართული საკვები პროდუქტებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენიდან დავბრუნდით. საკმაოდ ხალხმრავალი გამოფენა იყო. შედეგებს დაველოდებით და უკუკავშირი დაახლოებით 2 კვირის შემდეგ იქნება. ახლა მიმდინარეობს აქტიური მიწერ-მოწერა და აზრების გაცვლა. გამოფენებზე საშუალოდ 20-25 მყიდველი მოდის, აქ საკმაოდ მაღალი რიცხვი იყო, თუმცა შედეგზე მოგვიანებით გვეცოდინება.

ამ გამოფენაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით შევძელით დასწრება, მათ საკმაოდ დიდი ფინანსური დახმარება გასწიეს. ასეთი გამოფენებზე მონაწილეობა საკმაოდ დიდი თანხა ჯდება, ჩვენ გზის და განთავსების ხარჯებს ვიხდით, მონაწილეობა კი სახელმწიფოს მხარდაჭერით ხდება.

რაც შეეხება ჩინეთში ექსპორტის პოტენციალს, ნატურალური წვენები ძვირიანი პროდუქტი არ არის, ტრანსპორტირების ხარჯები კი მანძილიდან გამომდინარე მაღალია, ამიტომ ჩინეთის მხარეს ტრანსპორტირებისგან თავს ვიკავებდით, თუმცა ახლა დავინტერესდით. ჩინეთიდან დაინტერესება ძირითადად მოცულობით ტვირთებზეა“, - აღნიშნა გოჩა ღვინეფაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები