"ალტე უნივერსიტეტის" ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია ამბობს, რომ ონლაინ უნივერსიტეტის იდეა კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყველაფერი ძალიან კარგად დაიგეგმება. აღნიშუნულ საკითხზე განათლების სექტორის წარმომადგენელმა BMGTV-ის ეთერში, გადაცემა რედაქტ2-ში ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ონლაინ უნივერსიტეტის შექმნა დააანონსა, რომელიც მისი თქმით, 2025 წლისთვის უნდა შეიქმნას. განათლების მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე „ონლაინ უნივერსიტეტის“ ცნება საკანონმდებლო დონეზე გაჩნდება, რის შემდეგაც უწყება სწავლების თანამედროვე ფორმატის კონცეფციასა და სტანდარტებს შეიმუშავებს.
„პირველ რიგში ძალიან არ მომწონს, რომ სამინისტრო მუდმივად, სხვადასხვა მინისტრის პირობებში ცვლილებებს აანონსებს ხოლმე, სტრატეგიის მოკლე აღწერას იძლევა და მერე ვინ არის ხოლმე მის შექმნაში ჩართული, არავინ იცის. „გამოგვიგზავნეთ შენიშვნები“ - ასე არ ხდება სტრატეგიის და გეგმების შემუშავება. ცუდად ჩანს, საზოგადოების ჩართულობა და ყოველთვის არის იმის შეგრძნება, რომ ეს არის კაბინეტში, ხუთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, - ამბობს დიხამინჯია.
რაც შეეხება ონლაინ-სწავლებას, მისი შეფასებით, თანამედროვე სამყარო გადადის ონლაინ-სწავლების სხვადასხვა მოდელებზე, მათ შორის ჰარვარდს აქვს პროგრამა და პროგრამაში მოხვედრის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს დიპლომის აღება შეუძლია, თუმცა გააჩნია რამდენად სწორად გაატარებ რეფორმას.
„არ შეიძლება ონლაინ-სწავლება უბრალოდ დაინერგოს, ამას წინ უნდა უსწრებდეს იმის ცოდნა, თუ რა მდგომარეობაშია ციფრული ტექნოლოგიები უნივერსიტეტებში. გარდა ამისა, არ ვიცით რას გულისხმობს ონლაინ-უნივერსიტეტი. თუ ეს ნიშნავს, რომ ონლაინ უნდა იყოს ყველაფერი, შენობის და კომუნიკაციის გარეშე - ამის ხარისხში ეჭვი მეპარება, ამიტომ ამას არ ვემხრობი. ვემხრობი იმას, რომ უნივერსიტეტები გახდნენ მოქნილები და ჰქონდეთ რაღაც პროგრამები ონლაინ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უცხოეთში მყოფი ქართველი მეცნიერები და ინჟინრები ჩავრთოთ სწავლებაში. იმ ხელფასებს ქართული უნივერსიტეტები ვერანაირად ვერ გადაიხდიან, რასაც ევროპასა და ამერიკაში იღებენ ეს ადამიანები, შესაბამისად, მათი ჩამოყვანა შეუძლებელია. მაგრამ თუ ონლაინ სწავლება შეგვეძლება, ამ ადამიანებს ჩავრთავთ და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ამას აუცილებლად სჭირდება სწორი კონტროლის მექანიზმები“, - განაცხადა მან.
ნანა დიხამინჯიას თქმით, ონლაინ-სწავლების შემოღებამდე აუცილებელია ცნობილი იყოს, თუ რა ხარისხით მოხდება შემოწმება, რა მასალები ჩაანაცვლებს არსებულს და ა.შ.
„კარგად რომ გავიაზროთ, დღეს ტექნოლოგიების გამოყენება უნივერსიტეტებში, სწავლის პროცესის მართვის სისტემების კუთხით არის ძალიან დაბალი. რიგ უნივერსიტეტებს აქვთ კარგი მოდელები, მაგრამ საკმაოდ ჩამორჩება იმას, რაც საერთაშორისო ბაზარზე არსებობს. უნივერსიტეტებს აქვთ საკმაოდ სუსტი სისტემები. როცა შემოვიღებთ ონლაინ-სწავლებას, უნდა ვიცოდეთ, როგორი იქნება შემოწმებული, რა ხარისხით, რა მასალით, როგორ ხდება ჩანაცვლება და ა.შ. ამერიკულ უნივერსიტეტებში არსებობს პროგრამა, რომელიც ავტომატურად ამოწმებს პროგრამირების დავალებებს“, - განაცხადა მან.