გვჭირდება უფრო და უფრო მეტი კვლევები, რაც საჭიროა განვითარებისთვის, - ასე პასუხობს ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია BMG-ის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ სად დგას ქართული სტარტაპ ეკოსისტემა მსოფლიო რუკაზე.
მისი თქმით, პარალელურად საჭიროა კავშირები მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან, ისევე, როგორც დაკვეთები.
„საქართველოს შემთხვევაში ჩვენ გვყავს ძალიან საამაყო გამონაკლისი სტარტაპები, მაგრამ ეკონომიკური სისტემის დონე არ არის მაღალი, მაინც შედარებით კარგად ვართ რეგიონში, თუმცა გაცილებით მეტი გვჭირდება და გაცილებით მეტი შეგვიძლია. კარგია, რომ ბევრი სახელმწიფო პროგრამაა და არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებები ამ მიმართულებით, მაგრამ ცოტაა ეს დაფინანსება, თუმცა ბევრი ჩემი სტარტაპერი მეგობარი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა არის, რომ ხორციელდება ცოტა ინვესტიცია და ქართველი ინვესტორიც ცოტაა. იგივე ვენჩურული ფონდი იქნება, თუ „ანგელოზი ინვესტორი“, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო ცოდნის პრობლემა გვაქვს. მე უფრო განათლების მხრიდან ვუყურებ ამ ყველაფერს და მგონია, რომ თუ საკმარისი ცოდნა არ დაგროვდა, ინოვაციას ვერ შექმნი“, - განაცხადა ნანა დიხამინჯიამ.
როგორც ის ამბობს, წარმატებული ინვესტორების და კომპანიების შემოყვანის მცდელობა არსებობს, ჩამოდიან უცხოელი ინვესტორებიც, თუმცა ესენი ცოტანი არიან.
„მცდელობები გვაქვს, გვყავს წარმატებული კომპანიები, ჩამოდიან უცხოელი ინვესტორები, მაგრამ ესენი არ არიან ბევრი, თუმცა როცა კარგი პროდუქტი გაქვს, დაფინანსების მიღებაც გაცილებით ადვილია. ხოლო იმისთვის, რომ კარგი პროდუქტი გქონდეს, საერთო ცოდნის დონე უნდა გაიზარდოს. სწორედ ამაზეა საზრუნავი, რომ ჩვენ ეს კვლევითი პოტენციალი განვავითაროთ და შევქმნათ ინოვაციები. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებიც უფრო მოითხოვს პროგრამირებას, მონაცემთა ანალიზს და ნაკლებად მოითხოვს პროგრამირებას“, - ამბობს ნანა დიხამინჯია.
- როგორ უნდა დავაინტერესოთ „ანგელოზი ინვესტორები“?
- ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომენტი. როცა ქვეყანა გამართული ეკოსისტემის სახელს იკეთებს. როცა სანდოა და შეიძლება იქ და უფრო მეტი ცოდნის გამოვლენა შეუძლია, ამ შემთხვევაში იზრდება ინვესტორების ნდობაც. ძალიან გვჭირდება ყველა დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სტარტაპებს ეხება, გვჭირდება სტენდი. ყველგან გვჭირდება სტენდი, სადაც ამის შესაძლებლობაა. ყველა დიდ, მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე უნდა იყოს საქართველო წარმოდგენილი სტენდით, რადგან ქვეყანას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ ტიპის ინვესტიციებში. დანარჩენი გვაქვს - როცა ადამიანი ჩამოდის, მას უყვარდება აქაურობა, რადგან ძალიან ცოცხალი, ენერგიული ადამიანები ვართ. გავცემთ დადებით ენერგიას ხოლმე და ეს განსაკუთრებით მოსწონთ განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს. მაგრამ ჯერ უნდა დაანახო ეს ქვეყანა და დაანახო მრავალმხრივ - როგორც კარგი, განვითარებული ცოდნის და კვლევების კუთხით, ისევე ამ ჩვენი უკვე არსებული სტარტაპების კუთხით.
- ინტერესი არის?
- ინტერესი არის, თუმცა ცოტა. ისე, რასაც ვხედავთ უფრო არის პირადი კონტაქტებით წამოყვანილი. კარგია, რომ იქ მცხოვრები ადამიანები ცდილობენ, ინვესტორები ჩამოიყვანონ. სახელმწიფოს რაც შეეხება, ცდილობენ ძალიან, მაგალითად GITA არის ჩართული ინვესტორების ჩამოყვანაში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სანამ ზოგადი ცოდნის დონეს არ ავწევთ, მანამდე ასე ნაპირზე ვიქნებით დარჩენილი. რადგან მარტო ფული არ არის საკმარისი და ამას გვიჩვენებს არაერთი ქვეყნის მაგალითი, რომელსაც აქვს ფული, მაგრამ ვერ ავითარებს ინოვაციებს.