მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესის საჭიროებებს კონკრეტული ნაბიჯებით ვუპასუხოთ" - მიხეილ ხიდურელი

მიხეილ ხიდურელი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, უწყება ბიზნესის საჭიროებების საპასუხოდ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ყოველთვის მზად არის. ამის შესახებ მან კომპანია „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია“-ს მიერ 25 მლნ აშშ დოლარისა და 15 მლნ ევროს ოდენობის ობლიგაციები გამოუშვების ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა. ობლიგაციების ემისია „გალტ & თაგარტ“-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, აღნიშნული ემისია წარმოადგენს სააგენტოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ მაგალითს.

„მინდა მივულოცო „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია“-ს 25 მლნ დოლარისა და 15 მლნ ევროს ღირებულების საჯარო ობლიგაციების წარმატებული გამოშვება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ამ კომპანიასთან არაერთი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. ამასთან, მადლობას ვუხდი „გალტ & თაგარტს“ - საინვესტიციო ბანკს, რომელიც კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის საწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის წვლილი ამ პროცესში, რომელთან ერთადაც პროგრამის შემდგომ დახვეწასა და გაფართოებას ვგეგმავთ. უახლოეს პერიოდში არაერთი პოზიტიური ცვლილება გვექნება და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესის საჭიროებებს კონკრეტული ნაბიჯებით ვუპასუხოთ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მიხეილ ხიდურელმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება კერძო კაპიტალის ფონდების შექმნა, სადაც სახელმწიფოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება.

პრესკონფერენციას მიხეილ ხიდურელთან ერთად ესწრებოდნენ „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია“-ს დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და „გალტ & თაგარტ“-ის გენერალური დირექტორი გიორგი კუპრაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები