„ყულევის ნავსადგური „სოკარს“ ეკუთვნის და ჩვენ არ გვამუშავებენ“ - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „სოფმარის“ დირექტორმა ვახტანგ ალანიამ განაცხადა.
მან ლოგისტიკის ინდუსტრიის მთავარ პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა შორისაც კანონმდებლობის არარსებობაა.
„კანონმდებლობაში არსად არ წერია ჩემს საქმიანობაზე. არის მხოლოდ საზღვაო კოდექსი და ჩვენ ამ კოდექსით ნაწილობრივ ვსარგებლობთ. ჩვენ უნდა ვიყოთ დაზღვეულები და ჩვენი უფლებები ვიცოდეთ. რა არის კანონდარღვევა და რა არა - ეს სამწუხაროდ არსად არის აღნიშნული. ამ დარგში ვერ ვხედავთ ჩვენს პოზიციას საერთოდ სად ვართ. ვგულისხმობ მთლიანად ექსპედიტორებს.
აქ საუბარი არ არის რეგულირებაზე, საუბარია, რომ ეს სფერო მოწესრიგდეს. არსებობს ორგანული კანონი - „საზღვაო კოდექსი“ და იქ წერია, რომ ნავსადგურის ოპერატორს/მფლობელს, უფლება არ აქვს, ნავსადგურში მუშაობა შეგვიზღუდოს, მაგრამ ეს არ სრულდება.
მაგალითად, ყულევის ნავსადგური „სოკარს“ ეკუთვნის და ჩვენ არ გვამუშავებენ, - პასუხია რომ „ეს არის ჩვენი და აქ მხოლოდ ჩვენ ვმუშაობთ“- განაცხადა ალანიამ.
როგორც „სოფმარის“ დირექტორმა განმარტა, აღნიშნულის შესახებ მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიუღიათ:" მივმართეთ, მაგრამ პასუხს მეოთხე თვეა ველოდებით“.