მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს ყულევის ტერმინალს, რომლის გაფართოებასაც აზერბაიჯანი გეგმავს?

ყულევი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე სხვა პროექტებთან ერთად საქართველოში მათ შორის ყულევის ნავთობტერმინალის გაფართოებასაც განიხილავს. ამის შესახებ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას,"- განაცხადა ილჰამ ალიევმა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ყულევის ნავთობტერმინალს კომპანია Socar-ი 2006 წლიდან ფლობს. იქამდე ტერმინალის მშენებლობისთვის ინვესტიციები მილიარდერმა ბადრი პატარკაციშვილმა განახორციელა, რომლისგანაც აზერბაიჯანულმა მხარემ პროექტი შეიძინა. 

ყულევის ტერმინალში სულ 27 რეზერვუარი მდებარეობს, რომელთა ჯამური მოცულობაც 402 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. ამ ტერმინალების საერთო გამტარიანობა წლიურად 10 მილიონი ტონაა. ტერმინალი ექსპლოატაციაში 2008 წელს შევიდა და მისი საშუალებით ნედლი ნავთობი და გადამუშავებული ნავთობპროდუქტები დასავლეთის ბაზრებზე გადის. უცნობია რა იყო ტერმინალის შემოსავალი 2022 წელს, თუმცა 2021-ში ყულევის ტერმინალმა 64 მილიონი ლარის შემოსავალი და 19 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. ტერმინალის აქტივები 159 მილიონ ლარს შეადგენს.

უცნობია ზუსტად რა სახით განიხილება ამ ტერმინალის გაფართოების საკითხი და რამდენი მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ამ მიმართულებით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები