მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტს "საქართველოს განვითარების ფონდი" $8.2 მილიონით დააფინანსებს - განკარგულება

მაკა ასათიანი ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობის 18 დეკემბრის განკარგულებით, სახელმწიფოს კუთვნილ "საქართველოს განვითარების ფონდს" "ბლექ სი პეტროლიუმის" ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის გამოყოფილი საკრედიტო დაფინანსების 8.2 მილიონ დოლარამდე გაზრდა დაევალა. აქამდე, 2024 წლის ოქტომბერში მიღებული განკარგულებით, ფონდის თანამონაწილეობა ამ პროექტში $5 მილიონს შეადგენდა, ახლა კი მისი დაფინანსება 8.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

განკარგულების თანახმად, დაფინანსების ლიმიტი არის 5.7 მლნ დოლარი და 2.5 მლნ დოლარის ექვივალენტი ლარი (ჯამში 8.2 მლნ დოლარი).

BMG-ის "საქართველოს განვითარების ფონდის" პრესსამსახურში განუმარტეს, რომ ქარხნისთვის 8.2 მლნ დოლარის გამოყოფა პროექტის დაფინანსების ზრდის საჭიროებამ განაპირობა, რის შესახებაც გადაწყვეტილება მიღებული იქნა პროექტის კრედიტორ კომერციულ ბანკებთან ერთად.

"მოგეხსენებათ, ფონდი აღნიშნულ პროექტს აფინანსებს კომერციულ ბანკებთან ერთად, როგორც სინდიცირებული სესხის მონაწილე. შესაბამისად, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, დაფინანსების გაზრდაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სინდიცირებული სესხის მონაწილე პირების მიერ ერთობლივად. რაც შეეხება საოპერაციო დეტალებსა და პროექტის მიმდინარეობას, ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ თავად კომპანიას", - განაცხადეს "საქართველოს განვითარების ფონდში".

ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის პროექტი ქვეყანაში მშენებარე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ახალი ინდუსტრიული ობიექტია. პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და მისი პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი $600 მილიონ დოლარს შეადგენს.

ქარხნის დაფინანსება თავდაპირველად $50 მილიონი დოლარის სინდიცირებული კრედიტით დაიწყო, რომელშიც კომერციული ბანკები - "ქართუ ბანკი", "ხალიკ ბანკი" და "ბაზისბანკი" 45 მილიონი დოლარით, "საქართველოს განვითარების ფონდი" კი 5 მილიონი დოლარით მონაწილეობდნენ. თუმცა 2025 წლის დეკემბერში ბანკებმა საკრედიტო ლიმიტის $300 მილიონ დოლარამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს, შესაბამისად გაზარდა თანამონაწილეობა საქართველოს განვითარების ფონდმაც.

“ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მასში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 30%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის.

ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.

სექტემბრის ბოლოს ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები