მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყულევში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობას 2022 წელს დავიწყებთ - "ფაზის ოილი"

61a4d8b45e7ce
მარიამ ვარადაშვილი
29.11.21 19:27
4219
კომპანია „ფაზის ოილი“ ყულევში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყებას 2022 წლიდან აანონსებს. ამის შესახებ BMG-ის კომპანიის დირექტორმა გია შავდიამ განუცხადა. მისი თქმით, ქარხნის მშენებლობა 2021 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პანდემიის გამო 2022 წლამდე გადავადდა.

„დაპროექტების სტადიაზე ვართ და თან უკვე გადავედით ლიცენზიების გაფორმების ეტაპზეც. Covid-19-ის პანდემიის გამო ერთი წელი დავკარგეთ, თუმცა ვერაფერს ვიზამთ. მთელი მსოფლიოში იყო “ლოქდაუნი”. აქედან გამომდინარე, ალბათ ერთი წლით გადაიწევს ქარხნის ამოქმედებაც და 2024 წელს ვერ მოვასწრებთ, მაგრამ 2025 წელს ნამდვილად ავამუშავებთ. საინვესტიციო ვალდებულების გადავადებაზე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მთავრობას უკვე მივწერეთ. ყველა საქმის კურსშია”, - აცხადებს შავდია.

საქმე ის არის, რომ ყულევში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას და ადგილზე კარბამიდის ქარხნის მშენებლობას თავდაპირველად Socar Georgia Investments-ი გეგმავდა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, 2012 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, “ყულევის თიზ”-ის შექმნის პირობები განისაზღვრა, თუმცა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ აღნიშნული პროექტი არ განახორციელა და 2016 წელს კომპანიის ვალდებულებები კომპანია “ფაზის ოილმა” გადაიბარა.

გია შავდიას თქმით, "ფაზის ოილი" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობაში 1.2 მლრდ დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

აღსანიშნია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, შპს „ფაზის ოილისთვის“ ყულევში 1 ლარად მიყიდული 599,970 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საინვესტიციო ვალდებულების მოცულობა 100 მლნ დოლარი იყო, მაგრამ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, კარბამიდის საწარმოს ნაცვლად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შექმნა განისაზღვრა და განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა გაიზარდა 20 მლნ დოლარით, ხოლო მშენებლობის დასრულების თარიღი 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა.

2019 წლის ოქტომბერში კი „ფაზის ოილმა“ მთავრობას ქარხნის მშენებლობის ვადის 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადების თხოვნით მიმართა.

„SOCAR Georgia Investments-გან პროექტის შეძენის დროს მინიმალური საინვესტიციო მოცულობა 120 მლნ აშშ დოლარი იყო. ვალდებულება გვაქვს, რომ მინიმუმ $120 მილიონის ინვესტიცია განვახორციელოთ ამ ტერიტორიაზე; იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავება იგეგმება. რამდენიმე ქვეყანა იქნება მომწოდებელი მათ შორის Caspian Pipline Consortium, ასევე შესაძლოა, იყოს ლიბია და საუდის არაბეთი. ე.წ. მსუბუქი ნავთობი უნდა შემოვიტანოთ. წარმოება 2025 წლიდან დაიწყება და წლიურად 4.5 მლნ ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას ვგეგმავთ”, - ამბობს გია შავდია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქარხნის დაპროექტების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა შედარებით ნელა. “თუ ადრე ჩვენ უცხოელ პარტნიორებს მაგალითად, Shell-ს და სხვებს რაღაც კონკრეტული საქმის გასაკეთებლად სჭირდებოდათ 1 თვე, ახლა 2-3 თვე სჭირდებათ, რადგან ყველა მუშაობს სახლიდან”, - აცხადებს ის.

კომპანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხვდა. კერძოდ, აუდიტის სამსახური წერს, რომ 2012 წელს პრეზიდენტის განკარგულებით ყულევში მდებარე 1 ლარად გაცემული მიწის ნაკვეთზე, სადაც კარბამიდის ქარხანა უნდა აშენებულიყო, ჯერ არაფერია.

"ფაზის ოილი" $1.1 მლრდ-ის მოზიდვას და ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები