პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდა.
საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს შეხვედრა პროდუქტიული იყო, რადგან ყველა მტკივნეული საკითხი, რაც აწუხებდათ თქვეს.
მისი განმარტებით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მთავარი შედეგი, შემდგომი კონსულტაციების დაანონსებაა. როგორც ითქვა, პრემიერი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს ხვალ, 24 თებერვალს, 16:00 საათზე კიდევ ერთხელ შეხვდება.
„შეხვედრა იყო პროდუქტიული, რადგან ყველა მტკივნეული საკითხი, რაც გვაწუხებდა და რისი თქმაც გვინდოდა, ყველამ დაუფარავად მოვახსენეთ. კმაყოფილები ვართ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრმა პირველი პირიდან გაიგო საწუხარი. ყველაზე მთავარი, რაც გადაწყდა არის ის, რომ შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება. შეხვედრა 4 საათზე დაიწყება. პრემიერმა არგუმენტები ძალიან ყურადღებით მოისმინა, კითხვებიც დაგვისვა. ვუთხარით, რომ ვიდრე დემონტაჟი გადაწყდება და პროექტი და საქმიანი წინადადება წამოვა, მანამდე შეჩერდეს ბრძანება რესპუბლიკური კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ“,- განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.
განცხადება ასევე გააკეთა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა მალხაზ გაგუამაც. მისი თქმით, პრემიერს რისი გაგებაც უნდოდა ყველაფერი გაიგო.
„გვქონდა შესაძლებლობა სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა პრემიერისთვის. ძალიან ყურადღებით გვისმენდა და კითხვებსაც დაგვისვა. ვთვლი, რომ რისი გაგებაც უნდოდა ყველაფერი გაიგო. რა თქმა უნდა, ერთი შეხვედრის შემდეგ თავის გადაწყვეტილებას ვერ გამოაცხადებდა. ხვალაც შეგვხვდება და იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნისთვის და ყველასთვის სასიკეთო იქნება“, - განაცხადა მალხაზ გაგუამ.