„ასკანელი“ წელს 15 ათას ტონამდე ყურძენს ჩაიბარებს - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ Forbes Talks-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რა დროსაც რთველის მიმდინარეობა შეაფასა.
მან ისიც აღნიშნა, რომ კომპანია რთველის სუბსიდირების პროგრამით როგორც თეთრი ჯიშის, ასევე წითელი ჯიშის ყურძენს იბარებს, შესაბამისად, გოჩა ჩხაიძე ამბობს, რომ ყურძენს მევენახეებისგან სიფრთხილით და დაკვირვებით იბარებენ, რათა ღვინის მაღალი ხარისხი უზრუნველყონ.
„ჩვენი გეგმა წელს დაახლოებით 15 000 ტონა ყურძნის ჩაბარებაა. ამ ნიშნულს ვუახლოვდებით, პროცესები კარგად მიმდინარეობს. მიმდინარე წელი გარკვეულ ზონებში გამორჩეული იქნება, რამეთუ წლის განმავლობაში ჯერ ძალიან დიდი ნალექი მოვიდა, შემდეგ იყო გვალვა, რამაც ყურძნის ხარისხი გარკვეულ ზონებში გააფუჭა, თუმცა არის ზონები, სადაც საკმაოდ საინტერესო ყურძენი მივიღეთ.
ჩვენი ვენახებიდან დაახლოებით 1 000 ტონა ყურძენი ავიღეთ, დანარჩენი შეძენილია. ჩაბარებისას ყურძენს სკეპტიკურად ვუდგებით და ვარჩევთ, ბევრ გლეხს შეიძლება უკმაყოფილოდ ვტოვებთ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. კომპანიას წარმოების გარკვეული სტრატეგია აქვს, რომელსაც მივყვებით. არ შეგვიძლია ყველა ის ყურძენი მივიღოთ, რომელსაც მოგვიტანენ, რამეთუ შეიძლება ითქვას, რომ ყველა მტევანს მივდევთ. ამიტომაც არის, რომ ბოლო წლებში ღვინის სულ სხვა ხარისხს მივაღწიეთ, რამაც „ასკანელის“ ღვინოზე მოთხოვნა გაზარდა“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
„ასკანელის“ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, ასევე ბრენდის რესტორნების ქსელის განვითარების გეგმების შესახებ გოჩა ჩხაიძე დეტალურად შაბათს 19:30 საათზე BMGtv-ის გადაცემა Forbes Talks-ში ისაუბრებს.