ქართულმა ბრენდმა „კოსმომ" უნიკალური ბიომასალით ახალი კოლექცია გამოუშვა. ყურძნის წიპწის გადამუშავებული ტყავით ნაწარმოები ჩანთების ახალი ხაზი კომპანიამ მილანში, უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა.
„მოხარული ვართ, რომ მილანში ასეთი კარგი შედეგებით ვიყავით წარმოდგენილი. განსაკუთრებული ამბავი იყო ის, რომ დავამატეთ უახლესი კოლექცია - ჩანთების ახალი ხაზი „კოსმოს“ ისტორიაში, რომელიც აქამდე არ გვქონია“, - აღნიშნა მუხულიშვილმა.
მისი ინფორმაციით, მასალა მდგრადი მოდის მიმართულებით მუშაობის პროცესში აღმოაჩინეს. ბრენდმა მსოფლიოს წამყვან კომპანიებს შორის იტალიურ საწარმოს მიაგნო და პარტნიორობა დაამყარა.
„ეს არის უნიკალური ბიომასალა, რომელიც საქართველოში პირველად გამოვიყენეთ. მდგრადობა მოდის მომავალია და ეს იდეაც სწორედ ამ კონცეფციიდან გაჩნდა.
8000-წლიანი ღვინის ისტორიის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ გადამუშავებული ყურძნის წიპწის ტყავი ჩვენს კოლექციაში აქტიურ ადგილს დაიკავებს“, - აღნიშნა მან.
Cosmo-ს ჩანთების ლიმიტირებული კოლექციის მოდელი Wine მხოლოდ 60 ცალი ორ ფერში დამზადდება და აქედან 20 ერთეული უკვე გაყიდულია.
„ასეთი პრეცედენტი „კოსმოს“ ისტორიაში არ გვქონია. 40 ჩანთა უკვე დამზადებულია, დარჩენილი 20 კი, გაზაფხულის ბოლოს გამოვა და შემდეგ ეს მოდელი ყურძნის წიბწის ტყავით აღარ დამზადდება“, - განმარტა მუხულიშვილმა.
საგულისხმოა, რომ მილანში გამართულ „მიპელის“ გამოფენაზე ბრენდის კიდევ ერთმა მოდელმა - Connection M-მა, რომელიც უნისექსია, საუკეთესო დიზაინის ჩანთებს შორის ადგილი დაიკავა და „ტრენდ არიაზე“ იყო წარმოდგენილი : „ჩვენი ჩანთა საუკეთესო დიზაინის კოლექციაში მოხვდა, ჰყავდა უამრავი დამთვალიერებელი და ბევრი საქებარი სიტყვა დაიმსახურა“, - განაცხადა მან.
უნდა აღინიშნოს, რომ Cosmo-ს ბრენდის განვითარების ერთ-ერთი ახალი მიმართულება ვერცხლის სამკაულების ხაზია, რომელიც დაახლოებით ერთი წელია არსებობს. კოლექციები თემატურია და მომხმარებელს სრულ ნაკრებს სთავაზობს - ჩანთა, თავშალი, სამკაული და აქსესუარები ერთიან კონცეფციაში.
მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერა, რომლის დახმარებითაც „კოსმოსი“ მონაწილეობს მილანის, პარიზისა და ტოკიოს გამოფენებში, მათ შორის „ტრანოის“ კვირეულზე.
„ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ საერთაშორისო ბაზარზე უფრო აქტიურად გავიყიდოთ და მეტი მყიდველი მოვიზიდოთ. პარალელურად ვნერგავთ ISO სტანდარტებს, რათა ევროპულ მოთხოვნებს სრულად გავუთანაბრდეთ“, - განაცხადა მან.
ამასთან, კომპანიას აქტიური კომუნიკაცია აქვს ჩინეთთან, ხოლო დანიის ბაზარზე უკვე სამი წელია სტაბილური პარტნიორობა აკავშირებს, სადაც პროდუქცია დიდი რაოდენობით იყიდება.
მუხულიშვილი ეთერში ბრენდის ახალი სივრცის გახსნას აანონსებს რომელი თბილისშია დაგეგმილი და მას ღია სახელოსნოს კონცეფცია ექნება : „ეს იქნება თბილისში პირველი ასეთი სივრცე, სადაც მომხმარებელი შეძლებს ნახოს შექმნის პროცესი, თავადაც ჩაერთოს და თერაპიულადაც და შემოქმედებითადაც მიიღოს სიამოვნება“, - აღნიშნა მუხულიშვილმა.
მისი თქმით, ახალი სივრცე გაზაფხულისთვის გაიხსნება და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებულ აქტივობებს მოიცავს.




























