ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. კონფლიქტის 30-ე დღეს სპარსეთის ყურის ქვეყნები იტყობინებიან, რომ მათ საჰაერო სივრცეში ირანიდან გაშვებული რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს.
ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დღეს 14 ბალისტიკური რაკეტა და 12 დრონი დაფიქსირდა. უწყების ცნობით, იერიშის შედეგად სამხედრო ბანაკი დაზიანდა.
„ერთ-ერთი თავდასხმა განხორციელდა შეიარაღებული ძალების კუთვნილ ბანაკზე, რის შედეგადაც სამხედრო პერსონალმა დაზიანებები მიიღო“, - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
პარალელურად, კატარის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული რამდენიმე დრონი აღმოაჩინეს. სამინისტროს განმარტებით, ყველა მათგანის იდენტიფიცირება და წარმატებით ჩამოგდება მოხერხდა.
კიდევ უფრო მასშტაბური იყო იერიში არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე. ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ საჰაერო თავდაცვის სისტემები აქტიურ რეჟიმში მუშაობდნენ, რათა მოეგერიებინათ ირანის მხრიდან გაშვებული: 16 ბალისტიკური რაკეტა და 42 უპილოტო საფრენი აპარატი.
ამ დროისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.




























